რაც უფრო პატარაა ბავშვი, მის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს და მეტი სითბო გამოიყოფა. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარას ზრდასრულ ადამიანებზე მეტად სცხელათ.
თუ დედ-მამა თავს კომფორტულად გრძნობს, ამ დროს ბავშვს სცხელა. ხოლო თუ მშობლები სიცხემ შეაწუხა, ამ დროს ჩვილი შეიძლება გადახურების რისკის წინაშე იმყოფებოდეს. გადახურება იწვევს ძლიერ ოფლიანობას, გაუწყლოებას, შეკრულობას და რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, გაციებასაც.
სამწუხაროდ, ჩვილს არ შეუძლია გაგაგებინოთ, რა აწუხებს. ეს სიცხესაც ეხება. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებიც გიკარნახებენ, სცხელა თუ არა პატარას.
გადახურების ნიშნებია:
- ბავშვი წუხს, თითქოს უმიზეზოდ ტირის, ვერც კვების შემდეგ მშვიდდება.
- კანი ნოტიოა, ალაგ-ალაგ შეწითლებული
- საფენის ქვეშ კანი აშკარად უფრო წითელია, ვიდრე სხეულის დანარჩენ ნაწილებზე.
- სხეულის ტემპერატურა რამდენიმე მეათელი გრადუსით მომატებულია
- ნიკაპის ქვეშ კანი ცხელი და სველია
თუ გადახურების ნიშნები შეამჩნიეთ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები – დაალევინეთ წყალი, თუნდაც მხოლოდ ძუძუზე იყოს, დაუსველეთ ხელისა და ფეხის გულები, გახადეთ პამპერსი, გადაიყვანეთ შეძლებისდაგვარად გრილ ადგილზე და სუფთა ჰაერი ასუნთქეთ. სეირნობა კი დილის 10 საათამდე და საღამოს 7-ის შემდეგ უნდა მოასწროთ.
ნუ გეშინიათ ორპირის
ორპირში ბავშვის გაჩერებას ვერცერთი მშობელი ვერ გარისკავს. თუმცა ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის შეხედულებით, ორპირი არც ისე საშიშია. ახალშობილის ორგანიზმს ადაპტაციის ძლიაერი უნარი აქვს. ჩვილი ეგუება იმ პირობებს, რომელშიც აღმოჩნდება. ზომიერი ნიავი (ძლიერ ქარზე არ ვსაუბრობთ ძვალ-რბილში რომ ატანს) პატარას სოთბოს რეგულაციაში ეხმარება და პატარა ორგანიზმს ტემპერატურის ცვლილებას აჩვევს.
თუ სახლში კონდიციონერი გაქვთ, ოთახის ტემპერატურა 18-20 გრადუსზე შეინარჩუნეთ. ბავშვს ისე ჩააცვით, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეს. რა თქმა უნდა, კონდიციონერიდან გამომავალი ნაკადი პირდაპირ ბავშვისკენ არ უნდა მიემართებოდეს. ვინაიდან პატარას საოფლე ჯირკვლები არ აქვს განვითარებული, მისი თბორეგულაცია სუნთქვით ხდება – გრილი ჰაერის ჩასუნთქვით და ცხელის მოსუნთქვით პაწია ორგანიზმი სხეულის ტემპერატურას არეგულირებს.
“არც ძალიან თბილად და არც ძალიან შილიფად ჩაცმული ბავშვისთვის 18 გრადუსიანი ტემპერატურა უმეტესად კომფორტულია” – მიიჩნევს ექიმი კომაროვსკი.