მთავარი » ჯანდაცვა » როგორ ავირიდოთ სეზონური ვირუსები თავიდან და როდისაა ექიმთან ვიზიტი აუცილებელი
ზამთარი, – პერიოდი, როდესაც სეზონური ვირუსები და გრიპები საგრძნობლად აქტიურდებიან და გარკვეულ დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობას.

როგორ ავირიდოთ სეზონური ვირუსები თავიდან და როდისაა ექიმთან ვიზიტი აუცილებელი

ზამთარი, – პერიოდი, როდესაც სეზონური ვირუსები და გრიპები საგრძნობლად აქტიურდებიან და გარკვეულ დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობას.

სწორედ ამიტომ, არსებობს თუ არა გრიპის ვირუსი საქართველოში, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორია პრევენციის გზები, “კვირასთან” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ისაუბრა.

მან ვირუსის გადადების ფაქტორებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დავირუსებული ადამიანი გარეთ გასვლას უნდა მოერიდოს.

“მოგეხსენებათ, ზამთარში საგრძნობლად აქტიურდებიან ვირუსები და გრიპები, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეისთვის გრიპის ვირუსი საქართველოში არ ცირკულირებს, თუმცა 200-მდე სხვა ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს გრიპისმაგვარი დაავადება. რაც შეეხება გრიპს, ის სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც 3 ტიპისგან შედგება: A (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B და C. B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას. ინფექციის გავრცელების მიზეზად კი მიიჩნევა დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს 1,5 მეტრის რადიუსში ავრცელებს.

გრიპის სიმპტომები იწყება უეცრად და გრძელდება რამოდენიმე დღიდან კვირამდე. ძირითადი სიმპტომებია: ცხელება და შემცივნება, ხველა, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა. სეზონური გრიპის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად თავის დროზე ჩატარებული ვაქცინაცია მიიჩნევა, რომელიც უსაფრთხოა, გვერდითი ეფექტები კი იშვიათი და მსუბუქია. ხოლო სხვა მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცემინებით, დახველებით ამოფრქვეული ვირუსი აირწვეთოვანი გზით შეიძლება მოხვდეს რაიმე საგანზე, მითუმეტეს, თუ სიცივეა ის საგნებზე დიდი ხანი შეინახება(რამდენიმე საათი), ხოლო როდესაც ვიღაცა მას შეეხება და თვალზე, ცხვირზე ან პირზე მოისვამს, ამ გზით მასაც გადაედება ვირუსი. ამიტომ, ხელებს თუ ხშირად დავიბანთ, ესეც ერთ-ერთი პრევენცია იქნება. დანარჩენ შემთხვევაში კი, ჩვეულებრივ, ვინც დავირუსებულია, უნდა მოერიდოს გარეთ გასვლას, იყოს სახლში და ერთი ადამიანი უვლიდეს, რათა სხვა ოჯახის წევრებიც მაქსიმალურად იყვენენ დაცულები”,-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, სეზონური ვირუსებით უფრო ხშირად პატარები ავადდებიან. მისივე თქმით, ამ დროს იმუნურ სისტემაზეც ბევრია დამოკიდებული.”სეზონური ვირუსებით ძირითადად ბავშვები ავადდებიან, თუმცა, არც უფროსები 
ჩამოუვარდებიან ამ საკითხში პატარებს. ავადმყოფობის დროს, რა თქმა უნდა, იმუნური სისტემა დიდ როლს თამაშობს და რაც უფრო კარგადაა ამ მხრივ ადამიანის ორგანიზმი მომზადებული, მით უფრო კარგად ებრძვის ვირუსებს. მაგრამ რაც არ უნდა კარგი იმუნური სისტემა ჰქონდეს ადამიანს, ვირუსი თავის მხრივ მაინც ისეთია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ დაემართება ის”,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

მან იმ გავრცელებულ ვირუსებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცირკულირებს და საზოგადოება მათ გაციებას ეძახის. პაატა იმნაძემ ავადმყოფობის დროს იმ მდგომარეობაზეც ისაუბრა, როდესაც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

“ახლა რაც ცირკულირებს საქართველოში, ესაა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსები, „ბოკა“ და „კორონა –ვირუსები“, რასაც ძირათადად გაციებას ვეძახით. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვირუსსაც შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების ანთება, ბრონხების ანთება მოკლედ რომ ვთქვათ, გართულდეს და მძიმე შედეგი მივიღოთ. ამიტომ ყოველივე ეს თავიდან რომ ავიცილოთ, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, როდესაც დაავადებულ ადამიანს 38,5 ან უფრო მაღალი აქვს სიცხე, 3-4 დღის განმავლობაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, _ როდესაც სუნთქვის პრობლემაა ან სისხლიანი ნახველი აქვს პაციენტს. ავად ყველა გავმხდარვართ და სახლში გვიმკურნალია, მაგრამ გააჩნია გაციების ფორმას და ავადმყოფის მდგომარეობას. ამჟამად შემიძლია გითხრათ, რომ საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს ქვეყანაში, ვირუსისა და გრიპის თვალსაზრისით”,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “კვირასთან” საუბრისას.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …