მთავარი » ჯანდაცვა » როგორ ამოვიცნოთ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი
თუ თქვენს შვილს აქვს ქცევის და/ან აკადემიური მოსწრების სირთულეები სკოლასა და სახლში შეიძლება მიზეზი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი იყოს.

როგორ ამოვიცნოთ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)

• უჭირს თქვენ შვილს ყურადღების კონცენტრირება?
• ძალიან ბევრს, პრაქტიკულად გაუჩერებლად ლაპარაკობს თქვენი შვილი?
• უჭირს მშვიდად ჯდომა და მოუსვენარია?
• უჭირს და თქვენც გიჭირთ მისი ქცევის მართვა?

თუ თქვენ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები აქვს, შესაძლოა ამის მიზეზი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის არსებობა იყოს.

რა არის ეს სინდრომი და რას გულისხმობს ეს დიაგნოზი შინაარსობრივად? 

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკიდან და შეიძლება გაგრძელდეს მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკშიც. ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, შეიძლება იყოს ჰიპერაქტიული, უჭირდეს ლოდინი და რიგის დაცვა. ასეთ შემთხვევებში უყურადღებობის, ჰიპერაქტიულობის და იმპულსურობის გამო ქვეითდება ბავშვის ფუნქციონირების ხარისხი როგორც სკოლაში, ასევე სახლში და ზოგადად იმ სოციუმში, სადაც უწევს ყოფნა.

ვის შეიძლება გამოუვლინდეს/განუვითარდეს ADHD?

ნებისმიერ ბავშვს შესაძლებელია ჰქონდეს ADHD, ისევე როგორც მოზარდს ან ზრდასრულს.
რა იწვევს ADHD-ს? 

ერთი კონკრეტული ეტიოლოგიური ფაქტორი დადგენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ის გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. იმდენად ბევრი გენი მონაწილეობს ამ სინდრომის კლინიკურ გამოვლინებაში, რომ გენეტიკური ტესტირება უბრალოდ უშედეგოა და გენეტიკური გამოკვლევა – შეუძლებელი. ფაქტია, რომ ADHD გვხვდება ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობაში, რაც ადასტურებს გენეტიკური წინასწარგანწყობის არსებობას.

გარემო და არაგენეტიკური ფაქტორებიდან, რომლებიც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის განვითარების რისკ-ფაქტორებად შესაძლებელია მოვიაზროთ, განიხილავენ:

• თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას ორსულობის განმავლობაში;
• გართულებულ მშობიარობას ან დაბადების მცირე წონას;
• ტყვიით ან სხვა ნივთიერებებით ინტოქსიკაციას;
• უკიდურეს ხელმიშვებულობას, ძალადობას ან სოციალურ დეპრივაციას.

რა ნიშნებით ვლინდება ADHD ? 

ამ სინდრომის მქონე პირი:

• მალე კარგავს ინტერესს და ერთვება ერთი საგნიდან ან აქტივობიდან მეორეზე;
• გულმავიწვია და საჭიროებს შეხსენებას;
• მარტივად ეფანტება ყურადღება უმნიშვნელო გამღიზიანებელზეც კი;
• უჭირს მითითების და დავალების შესრულება;
• უჭირს დაწყებული საქმის, საშინაო დავალების ან სახლის სამუშაოს ბოლომდე მიყვანა;
• ხშირად ეკარგება ნივთები: სათამაშოები, წიგნები, საკლასო ნივთები;
• ვერ ჩერდება ერთ ადგილზე, აქნევს ხელ-ფეხს, ცქმუტავს;
• ლაპარაკობს გაუჩერებლად, უხეშად იჭრება სხვის საუბარში და აწყვეტინებს სიტყვას;
• მიედ-მოედება ყველაფერს, რაც მის გარშემოა;
• ძალიან მოუსვენარია, უჭირს ლოდინი, ვერ იცდის;
• წამოისვრის შეუსაბამო კომენტარებს;
• უჭირს საკუთარი ემოციების გაკონტროლება.

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს ADHD აქვს? 

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვი შეფასებულ იქნას რამდენიმე სკრინინგულ-დიაგნოსტიკური ტესტით და შეკრებილ იქნას დეტალური ინფორმაცია მშობლების ან ოჯახის სხვა წევრებისგან და უშუალოდ მასწავლებლისგან.

ხანდახან ძალიან რთულია დიაგნოსტიკა, რადგან შესაძლებელია რამდენიმე დიაგნოსტიკური კატეგორიის სიმპტომები გადაფარავდეს ერთმანეთს, მაგ: თუ ბავშვს შეუძლია საათობით მშვიდად აკეთოს მისთვის საყვარელი საქმე, არ ნიშნავს, რომ მას არ შეიძლება ჰქონდეს ყურადღების კონცენტრირების სირთულე და მშვიდად გაჩერების პრობლემა იმ აქტივობის შესრულებისას, რომელიც არ შედის მისი ინტერესში ან შესაძლებელია სკოლაში მთავარ პრობლემას აგრესიული და ოპოზიციური ქცევა წარმოადგენდეს, რომლის მიზეზიც ADHD-ის არსებობა იყოს.

თუ თქვენს შვილს დიდი ხანია აქვს ქცევის და/ან აკადემიური მოსწრების სირთულეები სკოლასა და სახლში, გადაამოწმეთ თქვენ ექიმთან, ხომ არ შეიძლება რომ მიზეზი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი იყოს.

როგორ ვმართოთ ADHD? 

მართვისთვის მიმართავენ 3 ძირითად გზას:

  1. მედიკამენტური თერაპია ანუ სტიმულანტების გამოყენება, რომლის დახმარებითაც ბავშვებს შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება, სწავლა და მშვიდად ყოფნა, თუმცა უნდა გავითავლისწინოთ გვერდითი ეფექტების განვითარების საფრთხე;
  2. არამედიკამენტური თერაპიული მიდგომებიდან ძალიან ეფექტურია ბიჰევიორული (ქცევითი) ტექნიკების გამოყენება;
  3. ორივე თერაპიული მიდგომა: მედიკამენტური + ქცევითი თერაპია.

ჯერ-ჯერობით მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ამ პრობლემების მართვისთვის საქართველოში რეგისტრირებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სინდრომის მიზეზი მშობელი არ არის, მას შეუძლია თავისი სწორი მიდგომით და ამ სინდრომის არსის ცოდნით მნიშვნელოვანად შეცვალოს მიმდინარეობის სიმძიმე და გამოსავალი.

აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი იყოს ჩართული მართვის პროცესში, ჰქონდეთ აქტიური თანამშრომლობა სკოლის მასწავლებლებთან და საჭიროების შემთხვევაში ჩართონ ბავშვი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების სერვისში.

მოამზადა მედეა ზირაქაშვილმა

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …