დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, შარშან ამ დროსთან შედარებით, წელს გრიპის და გრიპის მსგავსი ვირუსული დაავადებების რიცხვი უფრო დაბალია, თუმცა, როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა გრიპის ვირუსის აქტიური ცირკულაცია უფრო ნოემბრის ბოლოდან, დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყება.
„ გრიპის ვირუსის აქტიური ცირკულაცია უფრო ნოემბრის ბოლოდან, დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყება, უფრო ფართოდ კი იანვრის მეორე ნახევრიდან დატრიალდება ხოლმე. მისი პიკი კი თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისშია.
ახლა რაც ცირკულირებს, ესაა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსები, არის ბოკა და კორონა ვირუსები. გრიპის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს ვაქცინაციაც. სახელმწიფო განსაკუთრებით მაღალი რისკ ჯგუფების ადამიანების აცრას ახორციელებს. ესენი არიან მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი მოქალაქეები, სასწრაფო დახმარების ექიმები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ასე შემდეგ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაატა იმნაძე მოსახლეობას ხელების ხშირად დაბანას და მოსახლეობას გრიპის მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში სკოლაში, უნივერსიტეტში ან სამსახურში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
მისი განცხადებით, დაავადების პირველი გამავრცელებლები ის მსუბუქი ავადმყოფები არიან, ვისაც ვირუსი აქვთ, მაგრამ აქტიურად დადიან ყოველდღიურად სასწავლო დაწესებულებასა თუ სამსახურებში. იმნაძის თქმით, სასურველია, ორსულმა ქალებმა თავის დაცვის მიზნით ხალხმრავალ ადგილებში სპეციალური პირბადით იარონ.