ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია, პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება.
“ჩემი ოჯახი სარგებლობს ოჯახის ექიმის ინსტიტუტით, ჩემს შვილს ჰყავს პოლიკლინიკაში პედიატრი, რომელიც პატარაობიდანვე მისი ექიმია და კმაყოფილები ვართ, ნამდვილად. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იყო პოლიკლინიკები. ასევე, ბაღში და სკოლაში ხშირად მოდიოდნენ შემოწმებაზე ექიმები.
როცა დროულად ხდება ადამიანის შემოწმება, გამოკვლევა და დაავადების გამოვლენა, უფრო მარტივდება აღმოჩენილი დაავადების დამარცხება.
წინა ხელისუფლების დროს, ფაქტობრივად, ყველა კლინიკის გასხვისება მოხდა. თუ ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება პოლიკლინიკური სისტემის აღდგენა და განვითარება ყველგან, სადაც საჭიროება მოითხოვს, ამას მხოლოდ მივესალმები.
რაც შეეხება პრევენციის მნიშვნელობას, მაგალითისათვის, ჩვენს პროფკავშირში გაწევრიანებულია ათასობით მძღოლი. თითქმის ყველას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა ყველა მათგანი გვიან მიდის ექიმთან, როცა უკვე მკურნალობისათვის დიდი თანხები და სხვადასხვა დაწესებულებების დახმარებაა საჭირო.
თუ ადამიანი ადრეულ სტადიაზევე აღმოაჩენს დაავადებას, ჩაიტარებს გამოკვლევებს და იმკურნალებს, ეს უფრო იაფი დაჯდება, რა თქმა უნდა. რომ ავიღოთ ცეროზი, რომელიც მიმდინარეობს უმტკივნეულოდ, ამ დროს ადამიანი ექიმთან მიდის უკვე დამძიმებულ მდგომარეობაში. გართულებული ცეროზის მკურნალობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე თანდათანობითი და ეტაპობრივი მკურნალობა”,-განაცხადა ლავრენტი ალანიამ.
პირველადი რგოლის რეფორმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორცილედება და ამ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს საკონსულტაციო კომპანია “გლობალ ალიანსი” გაუწევს დახმარებას.