საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე https://donor.moh.gov.ge/ სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით. მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.
საქართველომ სისხლის კომპონენტები და ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები უკრაინას ომის დაწყებიდან მალევე გაუგზავნა.
28 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განცხადა, რომ უკრაინაში სისხლის გაგზავნის საჭიროება არ იდგა.
„მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ საჭიროება იქნება, სისხლის გაგზავნას უზრუნველვყოფთ. გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან. ჩვენ ვკითხეთ, თუ არის სისხლის მიწოდების საჭიროება, რაზეც მათ განაცხადეს, რომ ამის საჭიროება დღეს არ დგას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი არსებული მარაგებიდან ერითროციტების გარკვეული მასა მაინც გავაგზავნეთ ტვირთთან ერთად უკრაინაში. ის ათეულობით უკრაინელს დაეხმარება, თუ ამის საჭიროება ექნებათ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან მოსახლეობა სისხლის ჩაბარების პუნქტებში გრძელი რიგები დადგა. ადამიანებმა სისხლის ჩაბარება მასობრივად დაიწყეს. ექიმებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რადგან ქუჩაში გასვლა საშიშია, რიგების თავიდან აცილების მიზნით, დონორობის რეზერვში დარეგისტრირდნენ.
სისხლის ჩასაბარებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას აქვს სისხლის და მისი კომპონენტების საკმარისი მარაგი, ამიტომ ამ მხრივ „ყველაფერი კარგადაა.“
„თუმცა მე მსურს მივმართო ყველას, რადგან ჩვენთან დონორობა არცთუ განვითარებული და პოპულარულია, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად იმისა, რაც ხდება, გასწიოთ დონორობის პროპაგანდა და ჩააბაროთ სისხლი. სისხლის ჩაბარება ჩვენი სოციალური წვლილია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მიუხედავად იმისა, რა სიტუაციაა ირგვლივ,“ – განაცხადა მინისტრმა.
25 თებერვალს მინისტრთა კაბინეტმა გამოაცხადა სისხლის პრეპარატების ექსპორტის შეწყვეტა 30 დღით.
„გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმას, თუკი გეტყვიან, რომ სისხლი საკმარისია. უკრაინელები – შეგნებული ადამიანები არიან და ორ დღეში ძალიან ბევრი სისხლი ჩააბარეს ,“ – განაცხადა ლიაშკომ.
უკრაინის მოსახლეობის დახმარების მიზნით, სისხლის ჩასაბარებელი პუნქტები ამოქმედდა პოლონეთშიც.