რეგიონული სასწრაფო დახმარების ტექნიკური აღჭურვა დასრულდა. სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ეტაპზე, სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს გადაეცა.
პერსონალს მათი მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩაუტარდა. სწავლების პროცესს პირადად დაესწრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა.
დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდა.
ასევე, რაიონულ სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკა განაწილდა, რომლის საშუალებით ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის სამუშაო და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალა ელექტრონულად აღირიცხება.
რეგიონული სსდ ცენტრების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. სამედიცინო აპარატურით რეგიონული სასწრაფოს 206 ეკიპაჟი აღიჭურვა. კომპიუტერული ტექნიკა კი 65 რაიონულ ფილიალში განაწილდა. ინვენტარის გადაცემის შედეგად, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხი გაუმჯობესდება.