მთავარი » ჯანდაცვა » რატომაა საშიში ძილის უკმარისობა
ძილის უკმარისობა ქცევისა და ხასიათის ცვლილებას იწვევს. მეხსიერებასთან, სწავლასთან,ინფორმაციისა და საგნის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს.

რატომაა საშიში ძილის უკმარისობა

ძილის ნაკლებობას მოსდევს მოთენთილობა და დაღლილობის შეგრძნება, მან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას. თანამედროვე მონაცემებით, ძილის დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონალურ დარღვევებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა აზრით, ძილის ხანმოკლე დარღვევა იწვევს არტერიული წნევის მომატებასა და სტრესის ჰორმონების დონის ზრდას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ნერვულ აშლილობას.

ძილი “სტრატეგიული რესურსია”, რომელსაც კომპანიების უმრავლესობა ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ამის შესახებ ამერიკელი პროფესორი კრისტოფერ ბერნსი თავის კვლევაში აღნიშნავს. ბერნსის თქმით, როდესაც სამუშაო საათები თანამშრომლების ბუნებრივი ძილის საჭიროების მიხედვით არის შედგენილი, შესრულებული სამუშაო უფრო მაღალი ხარისხის გამოდის.

ამასთან, თანამშრომლები უფრო ინოვაციურები არიან, ვინაიდან გამოძინებულები უფრო მეტად არიან კონცენტრირებულნი სამუშაოზე, ნაკლებ სტრესს განიცდიან და უფრო ჯანმრთელები არიან. ხოლო როდესაც დასაქმებულებს ძილი აკლიათ, უფრო დიდია მათი მხრიდან შეცდომების დაშვების ალბათობა.

თუმცა მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ შესაძლოა, ადამიანი დილის რვა საათზეც პროდუქტიული იყოს და ეს დამოკიდებულია მის ცირკადულ (სისხლის წნევა, მეტაბოლური პროცესები) რიტმზე, რაც ადამიანის სხეულის დროის ციკლთან სინქრონს გულისხმობს. ყველა ადამიანის ორგანიზმი კი ამ მხრივ ინდივიდუალურია. ყველას აქვს თავისი შინაგანი საათი, – ამბობენ მეცნიერები.

მიუნხენის სამედიცინო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, თილ რონენბერგის თქმით, დასაქმებულების დაახლოებით 70 პროცენტი თავის შინაგან საათთან შედარებით ადრე დგება. ადამიანის შინაგან საათსა და დღის განრიგს შორის შეუთავსებლობა მოზარდობის ასაკიდანვე იწყება.

როგორც ბრიტანელი პროფესორი პოლ კელი ამბობს, როდესაც მოზარდები სკოლაში იწყებენ სიარულს, სამი საათით ადრე დგებიან, ვიდრე უნდა ადგნენ შინაგანი საათის მიხედვით. ისინი ზოგიერთ შემთხვევაში სკოლაში 7:30 საათზე უნდა იყვნენ. ეს კი, პროფესორის თქმით, მოზარდებში ქრონიკულ უძილობას, კონცენტრირების უნარის დაქვეითებას და ისეთ საშიშ დაავადებებსაც იწვევს, როგორიცაა ჭარბწონიანობა და დიაბეტი.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩატარებული კვლევების გამო, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სკოლების ნაწილმა გაკვეთილების დაწყების დრო გადაწია კიდეც.

ექიმ-ენდოკრინოლოგ სალომე ხუბულავას განცხადებით, ძირითადი პრობლემები არასაკმარისი ძილის დროს მეხსიერების დაქვეითებასა და კონკრეტული საგნის აღქმასთანაა. ძილის ნაკლებობა, ექიმის აზრით, უმადობასაც იწვევს. როგორც ენდოკრინოლოგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა ადამინს ინდივიდუალური და განსხვავებული შინაგანი საათი აქვს.

“ძილის ნაკლებობის დროს ქცევისა და ხასიათის ცვლილება ხდება. მეხსიერებასთან, სწავლასთან, რაიმე ინფორმაციისა და საგნის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს. ზრდასრულებსა და ბავშვებში ამ მხრივ პრაქტიკულად ერთნაირი სიტუაციაა. ძილის ნაკლებობამ შესაძლოა უმადობაც გამოიწვიოს. ადამიანს, რომელსაც ცუდად სძინავს, ხასიათი უფუჭდება და, შესაძლოა, უმადობის გამომწვევი მიზეზიც სწორედ ეს იყოს. ყველაფერი ინდივიდუალურია. ყველა ადამიანისთვის ძილის ერთიანი დროის განსაზღვრა შეუძლებელია,” – აღნიშნავს ექიმი.

ფსიქოლოგ ნატალია ფერაპონტოვას აზრით, შინაგანი საათის ბალანსი ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, იქნება ეს მოზარდი თუ პატარა ბავშვი. ფსიქოლოგი ჩვენთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც ძილის ნაკლებობა იწვევს. ყველაზე დიდ პრობლემად იგი ნერვული სისტემის განადგურებას ასახელებს. ფერაპონტოვა აღნიშნავს, რომ მოზარდებში უძილობა ხშირად აგრესიასაც იწვევს.

ძველ ჩინეთში ადამიანს არასაკმარისი ძილით აწამებდნენ. ასეთი დასჯის წესი არსებობდა. ამ მდგომარეობით ადამიანი გიჟდებოდა, რადგან ორგანიზმი ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებს ვეღარ უმკლავდებოდა.

ძილის უკმარისობა ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის პრობლემას: თავის ტკივილი, უძილობის ხასიათში გადასვლა და ადამიანის მუდმვად დაძაბულ, გაღიზიანებულ მდგომარეობაში ყოფნა. დიდ ადამიანს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს და ძილის ნაკლებობა უფრო მეტ სტრესს აგროვებს მასში. ბავშვებს ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა აქვთ, რადგან მათ ნაკლები პრობლემა აქვთ და შესაბამისად ძილის მექანიზმი უკეთესად აქვთ დარეგულირებული.

თუ მოზარდს განადგურებული ნევული სისტემა აქვს და ეს ძილის ნაკლებობითაა გამოწვეული, ის გაკვეთილის მსვლელობის პროცესში უყურადღებოა. ანუ, ყველაფერთან ერათად, მეხსიერების გაუარესებაც ხდება. რაც ყველაზე საშიშია, შინაგანი საათის დარღვევის შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოზარდები აგრესიულები ხდებიან. ბევრი მოსწავლე უარს ამბობს სწავლაზე. გამოუძინებელ მდგომარეობაში მათ უბრალოდ არ ჰყოფნით ძალა ისწავლონ,” – აღნიშნა “მთელ კვირასთან” საუბრისას ფერაპონტოვამ.

ექიმი-ენდოკრინოლოგი სალომე ხუბულავა იმ ხანგრძლივობაზე საუბრობს, რაც ზრდასრულსა და მოზარდ ადამიანს სრულფასოვანი ძილისთვის სჭირდებათ. ექიმის თქმით, შინაგანი საათის დარღვევა ყველა ადამიანისთვის რთულად ასატანია.

“ზრდასრულ ადამიანს საშუალოდ 7 საათი უნდა ეძინოს. მოზრდილი ადამიანისთვის 3 საათი ძილი, რა თქმა უნდა, რთულად ასატანია. მაშინ, როდესაც მისთვის ნორმა 6 საათია. მოზრდილი ადამიანი, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, 10-11 საათზე უნდა დაწვეს და 7 საათზე გაიღვიძოს.

“რაც შეეხება სკოლის მოსწავლეს, 10 საათი ძილი მისთვის ნორმაა. შესაბამისად, თუ სკოლის მოსწავლეს 4 საათი სძინავს, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ თუ მას 9 საათი სძინავს, შესაძლოა ეს მისთვის საკმარისი იყოს. სასურველია სკოლის მოსწავლემ 9-სთზე დაიძინოს 7-8 სთზე გაიღვიძოს,” – განმარტა ენდოკრინოლოგმა.

ცნობილია, რომ ამერიკელი რენდი გარდნერი ფლობს მეცნიერულად დოკუმენტირებულ ჩანაწერს, რომ მან ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში შეძლო ძილის გარეშე ყოფნა. სტიმულანტების დახმარების გარეშე ის ფხიზლად იმყოფებოდა 264.4 საათის განმავლობაში, რაც 11 დღე და 24 წუთია. მისი მოტივაციის ნაწილი იყო იმის ჩვენება, რომ უძილობას არც ისე ცუდი შედეგები აქვს. თუმცა ის ნამდვილად ცდებოდა. საბოლოო ჯამში, მას აწუხებდა: პარანოია, ჰალუცინაციები, ცუდი გუნება-განწყობა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები.

resonancedaily.com

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …