„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა მოსახლეობას, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხულში ბევრი ინფექცია და სხვადსხვა დაავადება იჩენს თავს, რომელთაგან თავის დასაცავადაც აუცილებელია, გარკვეული წესები დავიცავთ. ზაფხულის სეზონზე საფრთხე იზრდება საკვებით მოწამვლის კუთხითაც.
„ ზაფხულის სეზონი ბავშვებში ტრავმების ზრდასთან არის დაკავშირებული, იზრდება დიარეას საფრთხეც. ამ სეზონზე იმატებს მაღალი ტემპერატურით გამოწვეული დაავადებები. ეს არის მზის სხივებით გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც შეიძლება, გამოიკვეთოს შეწითლებით, ჭორფლის გამოყრით, არის ბუშტუკოვანი გამონაყარიც. შეიძლება იყოს გამოხატული მზის დაკვრა, შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, გონების დაკარგვა. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს. საჭიროა, რომ ტანსაცმელი იყოს ღია ფერის და ნატურალური ქსოვილი, არ უნდა იყოს ტანზე ძალიან მჭიდროდ მომდგარი.
მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს თავსაბურავი, ფართოფარფლებიანი ქუდი. უნდა წავისვათ მზისგან დამცავი კრემი. აუცილებელია, თვალების დაცვა მზის სხივების ზემოქმედებისგან, რადგან ეს მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კატარაქტის განვითარებასთან და საჭიროა, ვატაროთ მზისგან დამცავი სათვალე. ძალიან უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის და კოფეინის შემცველი სასმელების მიღება. სითხე უნდა მივიღოთ ბევრი, მაგრამ ძალიან ცივი სასმელი ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული – შეიძლება, კუჭის სპაზმი გამოიწვიოს. ზაფხულში ინფექციების მზარდი რაოდენობა დაკავშირებულია საკვების არასათანადოდ მომზადებასთან.
აუცილებელია, საკვები, რომელსაც ვამზადებთ, იყოს მაქსიმალურად შემწვარი ან მაქსიმალურად მოხარშული. თოლხოდ შემწვარი და ნახევრად მოხარშული საკვები არ უნდა მივირთვათ. უნდა მოვერიდოთ ხორცის პროდუქტების ღია სივრცეებში შეძენას. ხელი უნდა დავიბანოთ ძალიან ხშირად. თუ ბალახში მოგვიწევს სიარული, აუცილებელია შარვალი წინდებში ჩავიტანოთ. უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან კონტაქტსაც“,- განაცხადა ლელა სტურუამ.
რაც შეეხება ზღვის სეზონს,ლელა სტურუას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზის ძალიან აქტიურ პერიოდში, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება არის ძალიან მაღალი, 11-დან 5 საათამდე დამსვენებლები მზეზე არ იყვნენ.
kvira.ge