ზამთარი ძალაში შედის და ვირუსების მატებისა და გავრცელების რისკიც იზრდება.
რა მდგომარეობაა დღეისათვის და რა ვირუსებს უნდა ველოდოთ ამ სეზონზე – AMBEBI.GE-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ესაუბრება:
– საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი და ეს ჯერჯერობით არის H3. ვირუსის უმთავრესი ცირკულაცია მაინც დედაქალაქშია, თუმცა უახლოეს მომავალში რეგიონებშიც გადაინაცვლებს, იქაც მოიმატებს დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, მაგრამ ჯერჯერობით ზომიერი მატების ტენდენციაა.
– რეგიონებში რა მასშტაბის შეიძლება იყოს ეს ვირუსი და რამდენ ხანშია იქ მისი გავრცელება მოსალოდნელი?
– საქართველოში ყველგან გავრცელდება, უბრალოდ, როგორც გითხარით, გრიპის მხოლოდ ერთი ქვეტიპი ცირკულირებს. გამოჩნდება თუ არა სხვა დანარჩენი ქვეტიპები, ამის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია. თუ მხოლოდ ამ ერთმა ტიპმა განაგრძო ცირკულაცია, მაშინ ზომიერი ავადობის ფონი იქნება. თუ სხვაც გამოჩნდა, მერე უკვე რისკების შეფასება უნდა გაკეთდეს.
– ეს H3 ტიპი როგორ არის გამოხატული?
– ეს ტიპური გრიპის კლინიკაა, რომელსაც ახასიათებს საერთო ინტოქსიკაციის ფონზე, ტემპერატურის უეცარი მატება, ხველა, ნაკლებად ყელის ტკივილი და სურდო, თუმცა ცხვირის გაჭედვის შეგრძნებები შეიძლება ჰქონდეს. როგორც წესი, ყოველგვარი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარებისა და სპეციალური მედიკამენტის გარეშე ერთი კვირის თავზე სრული გაჯანსაღებით დამთარდება.
იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება გრიპით დაავადებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი გახდეს. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ლეტალური შედეგიც (ასეთი თვისებაც ახასიათებს და მისი ვერაგობაც ამაში მდგომარეობს).
– პრევენციის ღონისძიებებზე რას გვეტყვით?
– გრიპის ერთადერთი პრევენციის საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა და ის რეკომენდებულია ყოველთვის და ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა მაშინ, როდესაც გრიპის ვირუსი ცირკულირებს, შეიძლება ვირუსი მანამ შეგხვდეს, სანამ ორგანიზმი მოასწრებს იმუნიტეტის გამომუშავებას, თუმცა გრიპის ვაქცინა ვირუსების სამ ტიპს შეიცავს, ახლა მათგან გავრცელებული ერთი ტიპია, არანაირი გარანტია არ არის, რომ მომავალში სხვა ორი ტიპიც არ გამოვლინდება. შესაბამისად, ვაქცინაციას აზრი აქვს.
თუ ვინმე ავად გახდა, მნიშვნელოვანია, შეაჩეროს დაავადება და სხვას არ გადასდოს. ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებული სახლში დარჩეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას მოერიდოს, აუცილებელია ხშირად განიავდეს ნებისმიერი სივრცე, მიუხედავად იმისა, არის ავადმყოფი იქ, თუ არა.
სივრცე ჩვეულებრივი სველი წესით უნდა დალაგდეს, განსაკუთრებით თავშეყრის ადგილები. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.