აღჭურვილობის გადაცემისა და სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი დაესწრებიან.
20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი ქვემო ქართლის რაიონულ ცენტრებში განაწილდება.
დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება.
კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობისა და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალის რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება. სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი უკვე განაწილდა იმერეთის, კახეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.