თუ თქვენს გარშემომყოფი ადამიანების პირადი ისტორიებით დაინტერესდებით, აღმოაჩენთ, რომ ბევრი მათგანი განსაკუთრებულია.
განსაკუთრებულია იმ საქმით, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აკეთებენ, განსაკუთრებულია იმ პროფესიული თავდადებისთვის, რომელსაც ხშირად სიცოცხლეს სწირავენ. ასეთ ადამიანებზე იშვიათად ლაპარაკობენ. მედიის ყურადღების ცენტრში ისინი რატომღაც ნაკლებად ხვდებიან.
სწორედ ამიტომ, „პრაიმტაიმი“ შეეცადა, მოეძებნა ის ადამიანები, რომლებსაც 2016 წელს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს განსაკუთრებული ისტორიები გადახდათ თავს, იხსნეს ადამიანების სიცოცხლე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად, ან ახალი სიცოცხლის დაბადებასა და გადარჩენას შეუწყვეს ხელი.
ქირურგი, რომელიც ბავშვებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის
ექიმი ზვიად ბულისკერია ბავშვთა ქირურგად 1997 წლიდან მუშაობს. უბრალო ექიმიდან დაიწყო და უკვე სამი ათეული წელია მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აბდომინური მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. საბოლოოდ, კი 40 წლიანი გამოცდილება დააგროვა და უამრავი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ბულისკერია თავის საქმიანობაზე საუბრისგან თავს იკავებს, ჩვენ მაინც შევძელით და რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაციის დეტალები გავარკვიეთ.
2016 წელს ქირურგმა ბევრი კრიტიკული პაციენტი მიიღო, თუმცა ორი შემთხვევა გამორჩეულია.
სამედიცინო დაწესებულებაში შემოიყვანეს ავარიის შედეგად დაზარალებული 10 წლის ბავშვი, რომელსაც შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, კუჭი, ელენთა, ნაწლავები) მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ასეთი მოცულობის დაზიანება უხშირესად სიცოცხლესთან შეუთავსებელია, თუმცა ზვიად ბულისკერიამ სამსაათიანი ოპერაცია წარმატებით ჩაატარა და ბავშვი გადარჩა.
მეორე შემთხვევა ახალშობილს ეხება, განვითარების მრავლობითი ანომალიებით (ატრეზიებით). სულ რამდენიმე წლის წინ ასეთ ახალშობილებს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ ჰქონდათ, მათ სჭირდებოდათ რამდენიმე ოპერაცია, ძალიან მძიმე და რთული იყოს პოსტოპერაციული პერიოდი, თუმცა ამ პაციენტთან ყველაფერი წარმატებით დამთავრდა: ქირურგის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით ბავშვი გამოჯანმრთელებული გაეწერა ბინაზე.
63 წლისაა, თუმცა მუდმივად სწავლობს და ვითარდება, მუდმივად ცდილობს ბავშვთა ქირურგიაში ახალი მეთოდები დანერგოს. ამის კარგი მაგალითია ერთ-ერთი ურთულესი თანდაყოლილი ანომალიის – ჰირშპრუნგის დაავადების ქირურგიული მკურნალობის ახალი მიდგომა, რომლისთვისაც ის სპეციალურად გაემგზავრა ბელორუსიაში, რამდენიმე ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა ბელორუს კოლეგებთან ერთად და ახალი მეთოდი საქართველოში ჩამოიტანა, რამაც მას, და ქართველ ქირურგებს, საშუალება მისცათ გაეიოლებინათ ჰირშპრუნგის დაავადების ოპერაციული ჩარევა, შეემცირებინათ ოპერაციის დრო და გაეზარდათ დადებითი გამოსავალის მაჩვენებელი.
primetime.ge