საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ორსულობის პათოფიზიოლოგიის 47-ე საერთაშორისო კონგრესი გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ქვეყანაში, სადაც საზოგადოება მძაფრად განიცდის და განიხილავს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის პრობლემებს, ბავშვთა ადრეული განვითარების მართვას, დროულ დიაგნოსტიკას. ახალშობილთა ჯანმრთელობა განსაკუთრებით სენსიტიურია ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და დედისთვის. ამის ერთერთი დადასტურებაა ისიც, რომ 2015 წელი, საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა წლად გამოაცხადა.
ქალის უფლებების დაცვა და გაძლიერება, ჩემი აზრით სწორედ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება. ამ პრობლემების ძიება და გადაჭრა, თქვენთან ერთად უნდა შევძლოთ. იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს საერთო ღირებულებებს დიდი პროფესიული ცოდნით და გამოცდილებით ემსახურება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი კონგრესის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
ორსულთა პათოფიზიოლოგიის საერთაშორისო კონგრესი საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით იმართება. კონგრესის მიზანია ხელი შეუწყოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფას, მუცლად ყოფნის პერიოდიდან ბავშვის შესაძლო დაავადებების ეფექტურ პროგნოზირებას და პრევენციას.