ევროპაში პრეზერვატივების უმსხვილესმა მწარმოებელმა, გერმანულმა CPR-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია. გერმანული გამოცემის Wirtschaftswoche-ის ინფორმაციით, 1987 წელს დაარსებული კომპანია წელიწადში 200 მილიონზე მეტ პრეზერვატივს აწარმოებდა და მათ ექსპორტს არაერთ ქვეყანაში ახორციელებდა – მათ შორის რუსეთში, სადაც პროდუქციას Vizit-ის ბრენდის ქვეშ ყიდდა.
ადვოკატ კარინა შვარცის განცხადებით, ბოლო პერიოდში საწარმოს ბრუნვის მეოთხედის რეალიზაცია რუსეთზე მოდიოდა. მისივე თქმით, CPR-ი ის-ის იყო ფეხზე დგებოდა კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული გაყიდვების შემდეგ, როცა მას ანტირუსულმა სანქციებმა დაარტყა. კერძოდ, შვარცის განცხადებით, დასავლეთის ფინანსურმა სანქციებმა პროდუქციის ევროში მიწოდება შეუძლებელი გახადა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული კომპანია Reckitt Benckiser Group Plc, რომელიც Durex-ის პრეზერვატივებს და ხველის საწუწნ აბებს Strepsils-ს აწარმოებს, რუსეთში ბიზნესის გაყიდვას გეგმავს.