თბილისი (BPI) – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პირველადი რგოლის რეფორმას, რომელმაც დაავადებათა პრევენციის ხარისხი უნდა გაზარდოს, ონკოგინეკოლოგი ელენე კობიაშვილი გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავს, რომ ონკოლოგიური მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა შეუფასებელია, რადგან დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა დიდწილად განაპირობებს მკურნალობის ეფექტიანობას.
კობიაშვილი აცხადებს, რომ რომ პრევენციული მედიცინა წყვეტს სხვადასხვა პათოლოგიის და ონკოლოგიური დაავადებების ბედ-იღბალს და ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. „ონკოლოგიური მიმართულებით გეტყვით, რომ პრევენციის შემთხვევაში, უზარმაზარია შანსი იმისა, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადება სრულად განიკურნოს.
ფინანსური თვალსაზრისითაც, ბევრად უფრო იაფი ჯდება პრევენციული ღონისძიებები, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, ეს იქნება ქირურგიული ჩარევა, სხივები თუ ქიმიო-თერაპია. სწორედ ამიტომ, მთელი მსოფლიო გადასულია პრევენციული ღონისძიებების დაფინანსებაზე. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოც და პაციენტის ზოგავს თანხას და თავისუფლდება ამ საშინელი დაავადებისაგან“, – აცხადებს მედიკოსი.
„წლების განმავლობაში არსებობდა პროგრამა, ექიმების ჯგუფი დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებში და ატარებდნენ პრევენციულ ღონისძიებებს. აღმოაჩენდნენ დაავადებებს ადრეულ სტადიაზე და ეს ეხმარებოდა პაციენტებს შემდგომში ამ დაავადების მართვაში. ახლაც არსებობს სკრინინგ ცენტრები, რომელთაც ძალიან კარგი შედეგებიც აქვთ, თუმცა მათი მასშტაბი დასახელებულ პროგრამებს ვერ შეედრება.
თითქმის ოცდაათი წელია ონკოგინეკოლოგიაში ვმუშაობ და არც კი ვიცი, რა დავარქვა ჩვენი მოქალაქეების საქციელს საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ეს არის ნამდვილი დაუდევრობა. გასაგებია, რომ ფინანსური მომენტი დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ჯანდაცვის კულტურაც რომ ძალიან ასამაღლებელია საზოგადოებაში, ესეც უდავო ფაქტია.
ცალსახად მივესალმები ყველანაირ ნაბიჯს სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას, ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინონ ნებისმიერი დაავადება, იქნება ეს ონკოლოგიური თუ სხვა.ამიტომ მისასალმებელია პირველადი რგოლის რეფორმირება, რათა ამან ხელი შეუწყოს სწორედ პრევენციულ მედიცინას და ყველა შესაბამისი და საჭირო ღონისძიების დროულ გატარებას“, მიაჩნია კობიაშვილს.
მისი თქმით, ბევრი მოქალაქე არ მიდის ექიმთან იმის შიშით, რომ ეშინია დიაგნოზის. „ეს არასწორი და საკუთარ ჯანმრთელობასთან დამოკიდებულებაში დანაშაულებრივი მიდგომაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნე განკურნებადია. მითუმეტეს, დღევანდელ მედიცინას არაერთი მიღწევა აქვს ამ კუთხით და სახეზეა უამრავი სრულიად განკურნებული ადამიანი“, – განაცხადა ელენე კობიაშვილმა.