პირველადი ჯანდაცვის რგოლში დაგეგმილ რეფორმას კასპის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი დავით ონოფრიშვილი ეხმაურება.
„ყველანაირი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც წინა ხელისუფლების დროს, ჯანდაცვა იყო დეკლარირებული, თუმცა ათასობით და ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე რეალურად ჯანდაცვის გარეშე იყო დარჩენილი.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კოალიციამ დაიწყო მუშაობა, რათა გამოესწორებინა ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა.ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ნელ-ნელა ყველა მიმართულებით იქნება ძვრები.
რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, ქალაქებში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი უკვე დამკვირდებულია. სოფლად კი არის რიგი სოფლები, სადაც უბრალოდ არ არის ექიმი. ამას გეუბნებით კასპის რაიონის მაგალითზე, რომელსაც მე წარმოვადგენ პარლამენტში. არის გარემონტებული ამბულატორიები, თუმცა არ ყავთ ექიმები.
შესაძლებელია, არ იყოს სოფლის ექიმი, თუმცა ვთვლი, რომ ექთანი მაინც უნდა იყოს ამბულატორიაში, რომ მოსახლეობას მომსახურება გაუწიოს, მეტ-ნაკლებად. გარდა ამისა, არის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, ამაზე აუცილებელია მუშაობა“, – მიაჩნია ონოფრიშვილს.
მისი აზრით, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული მედიცინის განვითარება. „ვფიქრობ,დაავადებათა პრევენცია და ადრეულ სტადიაზე მისი აღმოჩენა შემდგომში მეტ ხარჯეფექტურობას მოიტანს, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ოჯახის ბიუჯეტისათვის, რომელიც იღებს სამედიცინო მომსახურებას“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა. ამ რგოლის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობას სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ მიიღებს მონაწილეობას