მთავარი » ჯანდაცვა » პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა მედიკამენტების მაღალი ფასია
არსებობს სოფლის ექიმის პროგრამა, თუმცა მაინც არის უამრავი პრობლემა.ხშირ შემთხვევაში ჩვენი უბნის მოცვა გვიჭირს, რადგან ტერიტორიულად ძალიან დაფანტულია.

პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა მედიკამენტების მაღალი ფასია

საქართველოში სოფლის ექიმის პროგრამა ხორციელდება. სოფლის ექიმი პირველადი ჯანდაცვის რგოლის შემადგენელი ნაწილია, რომლის რეფორმაზეც მუშაობა ახლახანს დაიწყო.

სოფლის ექიმების პრობლემებზე სასაუბროდ სოფელ კაცხის ამბულატორიის ექიმს თამარ ყვირილიანს დავუკავშირდით.

„პირველადი ჯანდაცვა თუ იქნება ძლიერი, მცირდება ხარჯი. პირველადი რგოლი არის ამომავალი წერტილი, რადგან ხდება დაავადებათა პრევენცია, მოსახლეობის სამედიცინო განათლება და შემცირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები. აქვე აღვნიშნავ, რომ  თავისთავად საყოველთაო პროგრამა არაჩვეულებრივია და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ძალიან კარგად ჟღერს, რომ არსებობს სოფლის ექიმის პროგრამა, თუმცა მაინც არის უამრავი პრობლემა. მაგალითად ის, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი უბნის მოცვა გვიჭირს, რადგან ტერიტორიულად ძალიან დაფანტულია. ტრანსპორტის, გადაადგილების პრობლემაა“, – აცახდებს ყვირილიანი.

„ამასთან, დარიცხული თანხა ჩვენვე უნდა განვკარგოთ. ჩვენ ფიზიკური პირები ვართ, ამიტომ ხელფასი არ გვერიცხება. ირიცხება თანხა, რომელიც განსაზღვრულია პირველადი მოხმარების წამლებისათვის, კომუნალური გადასახადებისათვის, ტრანსპორტირებისათვის, პაციენტებთან კომუნიკაციისათვის და მხოლოდ ამ ყველა ხარჯის გაღების შემდეგ დარჩენილი თანხა არის ექიმის.

სასურველია, დაირიცხოს მოჭრილი, განსაზღვრული თანხა, რასაც დაერქმევა ხელფასი და გვეცოდინება, რომ ეს არის ჩვენი ხელფასი, შრომის ანაზღაურება. ჩვენ გვიწევს ამბულატორიის მოწესრიგება და გამართვა. გარდა ამისა, საჭიროა ყველა ქვითრის შენახვა და აღრიცხვა, საქმის წარმოება. ჩვენ ექიმები ვართ და არა ბუღალტრები. ამისთვის დროც კი არა გვაქვს, რადგან პაციენტებს ვემსახურებით.

კარგი იქნება, თუ ამ ვალდებულებას მოგვხსნიან. ჩვენგან ითხოვენ ელექტრონულ დეკლარირებას, დარეგისტრირებას, თუმცა არც კომპიუტერი გვაქვს და არც – ინტერნეტი. ამიტომ, იძლებულნი ვართ, ან სახლში შევასრულოთ სამუშაო, ან ინტერნეტ-კაფეში. იგივე ფიზიკური პირის სტატუსის გამო ჩვენ არ გვაქვს შვებულება. წლებია ასე გრძელდება“, ამბობს სოფლის ექიმი.

მისი თქმით, ძალიან კარგი იყო, როცა ტარდებოდა ტრენინგები. ექიმებს ასწავლიდნენ თანამედროვე მიდგომებს, გვაცნობდნენ ახალ, საჭირო ინფორმაციას. ტრენინგები და უწყვეტი განათლება, მოგეხსენებათ, რა მნიშვნელოვანია ექიმისათვის, – მიაჩნია ყვირილიანს.

იგი კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

„კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ყველა ექიმს და პაციენტს უდგას, არის მედიკამენტები და მათი ფასი. პრეპარატების ფასი ძალიან მაღალია. პაციენტებს არ აქვთ მათი შეძენის საშუალება. ამიტომ ვცდილობთ, რომ შედარებით დაბალფასიანი პრეპარატები გამოვწეროთ, რადგან ვიცით კონტიგენტის მსყიდველუნარიანობა.

ზოგადად, სოფელში ექიმს ენდობიან, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მოსახლეობაში. ოჯახურ პრობლემებს, დეტალებს გიზიარებენ. ამიტომ თითოეული ექიმი თითქოს ოჯახის მეგობარია. ურთიერთობაში არ არის მხოლოდ სამედიცინო მომენტი, არამედ სოციალური, ადამიანური. რადგან ჯანმრთელობა არის გადაჯაჭვული ადამიანის სოციალურ, მატერიალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან“,  – განაცხადა თამარ ყვირილია

presa.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …