მთავარი » ჯანდაცვა » პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია პედიატრისთვის
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია პედიატრისთვის, რადგან ბავშვები ენდოკრინოლოგიური პათოლოგიით პირველად პედიატრთან ხვდებიან.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია პედიატრისთვის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს პედიატრ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მარინე გორდელაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლში პედიატრთა როლზე საუბრობს. 

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კუთხით, რადგან ბავშვები ენდოკრინოლოგიური პათოლოგიით პირველად სწორედ პედიატრთან ხვდებიან. თუ პედიატრმა არ იცის ის პირველი ნიშნები, მაგალითად, მრავალი ენდოკრინოლოგიური პათოლოგია მიმდინარეობს თუნდაც ტანდაბლობით.

თუ ამას არ მიაქცევს ყურადღებას, მაშინ დაავადება კლინიკურად გამოხატულ სტადიაზე გადავა, ანუ გართულდება. ამიტომ პირველად რგოლს განსაკუთრებული მნისვნელობა აქვს პედიატრიაში“, – აცხადებს გორდელაძე.

„ჩვენი თაობა უბნის ექიმებმა გაზარდეს. არ მინდა თანამედროვე მიღწევები თუ ჯანდაცვის სისტემები დავაკნინო, თუმცა არც მაშინ იყო საქმე ცუდად. ექიმი და ექთანი მოდიოდნენ სახლში ჩვენთან და თუნდაც მახსენებდნენ ჩემი შვილების აცრების კალენდარს. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მხარე მშობლის პასუხისმგებლობაზეა მიშვებული. თუმცა, სამწუხაროდ, მშობლების სამედიცინო განათლების დონე ძალიან დაბალია.

ამიტომ მათ დიდ ნაწილს ბავშვი ჩვენთან დაგვიანებით მოჰყავს და ყურადღებას არ აქცევენ ისეთ წვრილმანებს, რაც შემდგომში დაავადების გამწვავებას იწვევს. ჩვენთან ჩამოსული იყვნენ გერმანელი პროფესორები და წაგვიკითხეს ლექცია. არის ასეთი – „პატარა ახალშობილის სინდრომი“

მუცლადყოფნისას ბავშვი პატარაა თავის ასაკთან შედარებით და მას ზრდის ეს თავისებურება მშობიარობის შემდეგაც გაჰყვება. ის ფაქტი, რომ ბავშვს ეს სინდრომი გააჩნდა, მის ისტორიაში სპეციალურ ბეჭდით აღინიშნებოდა.

ხოლო ეს ბეჭედი აიძულებდა პედიატრს, ყურადღება მიექცია პაციენტის ზრდის მაჩვენებლისათვის დაბადებისას და თუ იგი 4 წლის ასაკისათვის არ დაიბრუნებს გენეტიკური ზრდის ტრაექტორიას, ამ შემთხვევაში უკვე უნდა ჩაერიოს ზრდის ჰორმონები.

ამით იმის თქმა მინდა, რომ პირველად ჯანდაცვას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მჭირდო კონტაქტი ქალთან ფეხმძიმობის პერიოდშიც და ასევე, გაჰყვეს პატარას ისტორიას, რომ ბავშვი გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს სწორად, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიურად და სწორად შეხვდეს ისეთ დიდ ცვლილებას, როგორიცაა სქესობრივი მომწიფება“, – მიაჩნია გორდელაძეს.

მე ვთვლი, რომ პედიატრი სახავს ბავშვის ჯანმრთელობის სტრატეგიას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ მათ პირველად რგოლში. თუმცა, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემურად, ზუსტად უნდა იყოს გაწერილი პედიატრის კომპეტენცია, რა სიტუაციაში უნდა გააკეთოს რეფერალი და როდის გადაამისამართოს ვიწრო სპეციალისტთან.

მე არა ვარ ზედმეტი ცენტრალიზების მომხრე, რადგან სამინისტროები თუ სხვადასხვა განყოფილებები გარკვეულ ბიუროკრატიას ქმნიან და ბარიერებს აყენებენ, მაგრამ თუ სისტემა მოქნილად გაკეთდება და აეწყობა, ის ძალიან კარგად იმუშავებს.

პედიატრი ვარ და ამიტომ ვსაუბრობ ამ მიმართულებით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თერაპევტის როლიც ჯანდაცვის პირველად რგოლში“, – აღნიშნა მარინე გორდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმაზე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ და ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივად  მუშაობენ.

presa.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …