მთავარი » ჯანდაცვა » პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტურმა კვლევამ სახელმწიფო გრანტი მოიპოვა
პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტურმა კვლევამ სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი, ბიუჯეტი - 150 000 ლარი.

პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტურმა კვლევამ სახელმწიფო გრანტი მოიპოვა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა მედიცინის აკადემიური დოქტორის თენგიზ ვერულავას პროექტმა „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში (საქართველოს მაგალითზე)“.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს კომპლექსურად შეისწავლოს პირველადი ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, მისი კავშირი ჯანმრთელობის კაპიტალთან, გამოვლინდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების პრობლემები და მისი გადაჭრის მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამაღლებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების დონე. პირველადი ჯანდაცვა განაპირობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების გაწევის მეშვეობით. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანური კაპიტალი გულისხმობს ადამიანში ინვესტიციების ერთობლიობას, რომლებიც ამაღლებენ მის შრომისუნარიანობას, პროდუქტიულობას, პირველადი ჯანდაცვა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ადამიანური კაპიტალის შექმნის და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემა ვერ განვითარდა იმ სტანდარტებით, რაც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია არსებობს ბევრ ქვეყნებში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დაბალია ამბულატორიულ მიმართვათა რაოდენობა. ამის მიზეზია: მოსახლეობის დაბალი ნდობა ოჯახის ექიმისადმი, პრევენციული სერვისების ჩატარების ნაკლები მოტივაცია და უპირატესობის მინიჭება ჰოსპიტალურ მომსახურებაზე.

ცხადია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაბალი განვითარება უარყოფითად აისახება ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე, მათ შრომისუნარიანობაზე, შემოსავლების მიღების შესაძლებლობაზე. აღნიშნული განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დანაკარგები, რომლებიც იწვევენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსათვის, სადაც მოსახლეობის სოციალური ფონი საკმაოდ დაბალია.

აღნიშნული კვლევა იქნება საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის, ჯანმრთელობის კაპიტალთან მისი კავშირის შესახებ კომპლექსური შესწავლის სერიოზული მცდელობა. პირველადი ჯანდაცვის  საქართველოსთვის ნიშანდობლივი პრობლემური მხარეების გათვალისწინება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, კვლევის სწორად შერჩეული მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება უზრუნველყოფს მიღებული შედეგების სანდოობასა და მნიშვნელობას ფუნდამენტური კვლევებისათვის. კერძოდ, გაწერილი კვლევითი ამოცანების შესაბამისად დადგინდება:

  • საქართველოში პირველადი ჯანდაცვისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება/მოლოდინები, ნდობის ხარისხი, მიმართვიანობა, კმაყოფილების ხარისხი;
  • საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ორგანიზაციული ფორმები და მის მოწყობაზე სხვადასხვა ფაქტორების გავლენა, ადამიანური რესურსების (ოჯახის ექიმი/მედდა) განვითარების სიმძლავრე, სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებისა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების შეთავსებადობა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მექანიზმები, პირველად ჯანდაცვაზე ოჯახის დანახარჯების მოცულობა და მისი ხვედრითი წილი ოჯახის შემოსავლებში, პირველადი ჯანდაცვის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
  • პირველადი ჯანდაცვის მიმართ საქართველოს მოსახლეობის საჭიროება და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ფორმირებაში.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამშრომლობა „საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირთან“, „საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრთან“, ლა ტრობეს უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ პირველადი ჯანდაცვის სისტემის კვლევებთან დაკავშირებით. განხორციელდება ვიზიტი ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, კონსულტაციები საოჯახო მედიცინის ექსპერტებთან. გასათვალისწინებელია, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ავსტრალიის გამოცდილება მთელ მსოფლიოშია აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.

პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი, ბიუჯეტი – 150 000 ლარი.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …