მთავარი » ჯანდაცვა » პირველად რგოლში კვალიფიკაციის დონის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია
პირველად რგოლში კვალიფიკაციის დონის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია

პირველად რგოლში კვალიფიკაციის დონის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა პროფესორ ივანე მგალობლიშვილის ფერტილობის ცენტრ „დომინანტის“ მეან–გინეკოლოგმა ქეთევან ტაბუცაძემ. ექიმის თქმით, მოცემული რეფორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ როდესაც პაციენტი რაიმე პრობლემის წინაშე დადგება, ის, პირობითად, მეზობელთან კი არ მივიდეს რჩევის საკითხავად, არამედ მიაკითხოს ექიმს.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა აუცილებელია. სრულიად მივესალმები ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევას და ეს ასეც უნდა იყოს. პაციენტი მიმაგრებული იქნება ოჯახის ექიმთან და რაიმე შემთხვევის დროს უკვე ადვილი იქნება დიაგნოზის დასმა და გადამისამართება შესაბამის ადგილას. მოცემული რეფორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ როდესაც პაციენტი რაიმე პრობლემის წინაშე დადგება, ის, პირობითად, მეზობელთან კი არ მივიდეს რჩევის საკითხავად, არამედ მიაკითხოს ექიმს.

საქართველოში მართალც, რომ ძალიან დიდი პრობლემა დგას იმისა, რომ მოსახლეობა კლინიკაში მხოლოდ გადაუდებელ შემთხვავაში მიდის. ამის გამოსწორება და ადამიანებისთვის ამ მხრივ იდეოლოგიის შეცვლა მართლაც, რომ უმნიშვნელოვანესია. ექიმთან დროულად მისვლით, გარდა იმისა, რომ სტაციონარს აირიდებს პაციენტი,  მოხდება მისი დროული, ამბულატორიული მკურნალობა. ასე, რომ პირველადი რგოლის რეფორმა დროული და აუცილებელია“.

ქეთევან ტაბუცაძემ ასევე ისაუბრა იმ ხარვეზებზეც, რომელთა გამოსწორებაც, მისი აზრით, პირველადი რგოლის რეფორმას დადებითად წაადგება.

,,ვფიქრობ, რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ექიმების რაოდენობა იყოს საკმარისი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს რგოლი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო წინ წამოიწევა, გაიზრდება მიმართვიანობა ოჯახის ექიმთან.

უნდა იყოს იმის საშუალება, რომ ოჯახის ექიმიზე მოთხოვნა შეესაბამებოდეს მათ რაოდენობას. ვფიქრობ, არ უნდა იყოს ისე, რომ ერთ ოჯახის ექიმზე 1000 პაციენტი მოდიოდეს.

ასევე, ეს ექიმები უნდა იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის. მაგალითად რომ მოვიყვანოთ, 112–ის ოპერატორებად სხედან ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ არ იციან სიტუაციის მართვა. მათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ ტელეფონზე პასუხი არის მნიშვნელოვანი, სინამდვილეში კი  მთავარია, რომ როდესაც ადამიანი რეკავს სასწრაფოში, კომპეტენტური პასუხი გასცე კითხვაზე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად და მათ შორის, პირველად რგოლში კვალიფიკაციის დონის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმი ბევრია, მაგრამ მათ შორის პროფესიონალთა ნაკლებობაა.

მუდმივად უნდა ხდებოდეს ტრენინგებისა და მსგავსი მოსამზადებელი კურსების ორგანიზება. რა თქმა უნდა ხელფასების დონეც უნდა იყოს შესაბამისი, მოგეხსენებათ, მედიკოსების ხელფასი არც თუ ისე სახარბიელოა“, – მიაჩნია ტაბუცაძეს.

 

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …