მთავარი » ჯანდაცვა » პირველად რგოლში დასაქმებული ექიმების ხელფასები უნდა გაიზარდოს
კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მოქმედება პირველადი რგოლის გასაძლიერებლად,კარგი იქნება თუ პირველად რგოლში დასაქმებული ექიმების ხელფასები გაიზრდება

პირველად რგოლში დასაქმებული ექიმების ხელფასები უნდა გაიზარდოს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და ასევე გამოცხადებულ პირველადი რგოლის რეფორმას საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი გამოეხმაურა. 

„საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს ყველა მოქალაქე მოიცვა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით მოსახლეობის 99,9% ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელ მოსახლეობას მიუწვდება ხელი სერვისებზე. თუ ადრე მხოლოდ 6 წლამდე ბავშვები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები სარგებლობდნენ, ახლა ყველას შეეხო ეს პროგრამა.

მნიშვნელოვანია, რომ გეგმიურ ოპერაციებზე ლოდინის პერიოდი ადრე 6 თვე იყო, ახლა კი იგივე პარამეტრი 2 თვემდეა შემცირებული. საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა 600–დან 700–მდე საავადმყოფოში არის შესაძლებელი“, – აცხადებს გიგოლაშვილი.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ნაკლს, მისი აზრით, მთავარი ის არის, რომ სხვადასხვა სეგმენტი სხვადასხვაგვარი სერვისებით სარგებლობს, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს ადამიანებს.

გიგოლაშვილის თქმით, თუ საყოველთაო ჯანდაცვა მართლაც საყოველთაოა, დაზღვეულთა რაღაც ნაწილი დაჩაგრული არ უნდა იყოს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს გაჟღერებული და იზიარებს ამ პოზიციებს, – მიაჩნია გიგოლაშვილს.

„რა თანხაც საერთო ჯამში იხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, მისი 50 პროცენტი იხარჯება მედიკამენტებზე. პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და ვიწრო სეგმენტს აქვს შეღავათები წამლებზე. კარგი იქნება, რომ თუნდაც 50 ლარიანი ან 100 ლარიანი დაფინანსება ჰქონდეთ სხვა ბენეფიციარებსაც.

რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან ნდობის გაზრდას ჯანდაცვის სისტემის  მიმართ, ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ასეა. ძალიან ხშირად შევსწრებივარ მადლიერ ადამიანებს, რომლებიც თავის სანაცნობო წრეში ავრცელებენ ინფორმაციას, როგორ დაეხმარა საყოველთაო პროგრამა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის დროს და ა.შ. რაც, თავისთავად, სანდოობის ხარისხზე მოქმედებს.

მოსახლეობას მეტი იმედი გაუჩნდა. შესაბამისად, როცა ადამიანს არ ეშინია ექიმთან მისვლა უფულობის გამო, თავს არ იკავებს კონსულტაციაზე მისვლისგან. სიღარიბეს ხშირად ადამიანი უკიდურეს მდგომარეობამდე მიჰყავს და მხოლოდ მაშინ აკითხავს ექიმს, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდება.

ახლა კი პირველივე ეტაპზე მიმართავენ ექიმს, ხარჯი ნაკლებია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების ალბათობა კი – მეტი. ინფორმაცია კარგად ვრცელდება ბენეფიციარებში, რაც ასეთი პროგრამებისთვის აუცილებელია“, – აცხადებს გიგოლაშვილი.

რაც შეეხება ჯანდაცვის პირველად რგოლს, გიგოლაშვილს მიაჩნია, რომ მისი ფუნქცია სწორედ პრევენცია და გართულების თავიდან არიდებაა.

„კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ფიქრი და მოქმედება ამ რგოლის გასაძლიერებლად, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველაფერთან ერთად თუ ამ რგოლში დასაქმებული მედპერსონალის ანაზღაურება არ გაზარდეს, სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო იქნება. თუ რამდენ ადამიანს მოემსახურება ოჯახის ექიმი, მისი ანაზღაურება გონივრული უნდა იყოს შრომასთან შესაბამისობაში. ეს საკმაოდ საპასუხისხგებლო საქმეა და ამ დროს ხელფასები ძალიან დაბალია. სხვა ქვეყნებს რომ გადავავლოთ თალი, იქ სადაც პრევენციას დიდ ყურადღებას უთმობენ, მოსახლეობა მეტად ჯანსაღია“, – აცხადებს გიორგი გიგოლაშვილი.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …