მთავარი » მსოფლიო » „პანდემიამ თითქოს გვერდით ჩაგვიარა“ – რა შეცვალა დანიის ცხოვრებაში მოსახლეობის 85%-ის აცრამ

„პანდემიამ თითქოს გვერდით ჩაგვიარა“ – რა შეცვალა დანიის ცხოვრებაში მოსახლეობის 85%-ის აცრამ

6-მილიონიან დანიაში მთელი მოსახლეობის 85% ორჯერადადაა აცრილი, იცრებიან მოზარდები 12 წლის ასაკიდან. შედეგად ქვეყანაში ყველა რეგულაცია მოიხსნა და მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ამის შესახებ დანიაში მოღვაწე ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე აცხადებს.

„დანია სამაგალითოა და მისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. პანდემიამ თითქოს გვერდით ჩაგვიარა. ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა არა მხოლოდ ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს, არამედ ხალხის მხრიდანაც. დანია ერთერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც რადიკალური ძალისხმევა მიიღეს პანდემიის დასაწყისშივე. ამავე დროს, დანია ერთერთი პირველი იყო, რომელმაც აცრები დაიწყო. ეს მოხდა გასული წლის დეკემბერში, რისკ ჯგუფების დაყოფით, პირველები იყვნენ ქრონიკული დაავადებების მქონენი და სამედიცინო პერსონალი. რაც შეეხება დანიის მოსახლეობის დამოკიდებულებას ვაქცინაციისადმი, მოსახლეობა რაციონალურობით გამოირჩევა და მისი აზროვნება აგებულია მტკიცებულებებზე, თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე. ვაქცინაციის დაწყებამდე დანიის ჯანდაცვის სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა ვაქცინები, მუშაობდა დღე და ღამე, გადაამოწმა ყველა სამეცნიერო ინფორმაცია ამ პრეპარატებზე და გამოიტანა დასკვნა, რომ აცრების დაწყება  სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება. საზოგადოებამაც დაიჯერა. მოსახლეობის მხრიდან აცრებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და ისინი სულმოუთქმელად ელოდებოდნენ, როდის მოვიდოდა მათი რიგი ვაქცინაციაზე.

ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილად მხოლოდ ერთეულები იყვნენ. თავდაპირველად აცრების რაოდენობა შეზღუდული იყო და ჩემი პაციენტები „მეჩხუბებოდნენ“ კიდეც, რომ დროზე მიეღოთ ვაქცინა. მათ იცოდნენ, რომ ამით დაცულები იქნებოდნენ. მქონდა პატივი ერთერთი პირველი მეც ვყოფილიყავი და 31 დეკემბერს პირველი აცრა მივიღე, ეს იყო „ფაიზერის“ ვაქცინა, რადგან იმ დროს სხვა პრეპარატი ჯერ არ იყო დაშვებული. 3 კვირაში მეორე დოზა გავიკეთე,“- განაცხადა უჯმაჯურიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის 85%-იანმა აცრამ დანიის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და მოსახლეობა ფაქტობრივად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. თუმცა მოქალაქეებს გათავისებული აქვთ ჰიგიენის ნორმების აუცილებლობა და ზედმიწევნით იცავენ მათ.  „ყველა გონივრულად მიყვება შინაგან ხმას და იცავს ამ პრინციპებს, რომ არ დაინფიცირდეს. მივედით იქამდე, რომ დანიისთვის კოვიდ 19 არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ დაავადებას,“- განაცხადა ზაზა უჯმაჯურიძემ.

გასულ დღე-ღამეში დანიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 425 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …