სამეცნიერო მიმოხილვის თანახმად, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, კოვიდპანდემიის პირველ წელს შფოთვისა და დეპრესიის გლობალური გავრცელება 25%-ით გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, ასეთმა სიტუაციამ გამოკითხული ქვეყნების 90%-ს უბიძგა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ჩართვისკენ კოვიდ 19-ზე რეაგირების გეგმებში. თუმცა სერიოზული პრობლემები ისევ რჩება.
მარტოობა, დაინფიცირების შიში, საკუთარი და ახლობლების ტანჯვა, მწუხარება მძიმე დანაკარგების შემდეგ და ფინანსური პრობლემები – ეს ფაქტორები დასახელდა შფოთვისა და დეპრესიის ძირითად მიზეზებად. ექიმებს შორის კი გამოფიტვა სუიციდური აზრების მთავარი განმაპირობებელი აღმოჩნდა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დეპრესია და თვითმკვლელობის ან საკუთარი თავის დაზიანების აზრები ახალგაზრდებშიც გახშირდა.
ამასთან, კვლევის თანახმად, ქალები პანდემიამ უფრო ძლიერად დააზარალა, ვიდრე მამაკაცები. გარდა ამისა, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები ყველაზე ხშირად იმ ადამიანებს უვლინდებათ, რომლებსაც სხვადასხვა ფიზიკური დაავადება აქვთ: ისეთები, როგორიცაა ასთმა, კიბო, გულის დაავადებები.
სამეცნიერო კვლევაში აღნიშნულია, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელიც მოკლებულია უშუალო სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას, დახმარებისთვის ინტერნეტს მიმართა. სწორედ ამიტომ, ნათელი გახდა, რომ აუცილებელია სანდო, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი ციფრული ინსტრუმენტების შექმნა, თუმცა ეს პრობლემაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეზღუდული რესურსები გააჩნიათ.
ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები ჯანმომ უკვე გადადგა. მაგალითად, გამოუშვა მოთხრობები 6-11 წლის ბავშვებისთვის: „შენ ჩემი გმირი ხარ“, რომელიც 142 ენაზეა ხელმისაწვდომი.
ჯანმოს შეფასებით, მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხელს უშლის შეზღუდული ფინანსური რესურსები.
მაგალითად, 2020 წელს მთელი მსოფლიოს მთავრობებმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის ბიუჯეტის 2%-ზე ოდნავ მეტი გამოყვეს, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა კი განაცხადეს, რომ 100 ათას ადამიანზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს 1-ზე ნაკლები წარმომადგენელი მოდის.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ინვესტიციების ისტორიული უკმარისობა გამოავლინა. მათი პოზიციაა, რომ ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ, რათა ფსიქოლოგიური დახმარება ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში Covid-19-თან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი (911 000 ) მოქმედებს.