თბილისი (BPI) – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, როგორც ერთ-ერთ მთავარ წარმატებულ პროექტს, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა. „მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მკურნალობას3100 პაციენტი გადის,“ – აღნიშნა მინისტრმა.
ანგარიშში მინისტრმა ასევე წარმოადგინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები. სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო და რეფორმის განხორციელების კონკრეტული მიმართულებებიც წარმოადგინა, როგორიცაა: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩამოყალიბება, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.
ირკვევა, რომ მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარ კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს და მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა „ავერსის“ კლინიკის გინეკოლოგმა ჟანა ჯანჯღავამ. ექიმის განცხადებით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისაღება, მაგრამ უკეთესიც შესაძლებელია. გარკვეული ნაწილი მისაღებია, ხოლო გარკვეული ნაწილი კი საჭიროებს დახვეწას. ვფიქრობ, რომ ოჯახის ექიმის წინ წამოწევა ცუდი არაა, მაგრამ მეტისმეტად, დიდი ფუნქცია–მოვალეობები აქვს მას დაკისრებული, რაც გარკვეულწილად სცდემა მის პირად პროფილს.
ზოგადად, ნამდვილად უნდა იყოს და ფუნქციონირებდეს ეს ინსტიტუტი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პროფილის ექიმის მოვალეობა გარკვეულწილად, მან შეითავსოს. ოჯახის ექიმს ნამდვილად, არ ევალება იცოდეს ყველაფერი აღნიშნულ სფეროში.“
ჟანა ჯანჯღავამ ასევე ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ უფრო მეტად ფინანსდებოდეს ყველა ტიპის მკურნალობა და მიაჩნია, რომ მხოლოდ მწავე ოპერაციების დაფინანსება არ არის საკმარისი. ექიმმა მოკლედ ისაუბრა მედიკამენტების ფასებზეც და აღნიშნა, რომ წამლები ძალიან გაძვირებულია.
,,მედიკამენტები ძალიან გაძვირდა. პაციენტს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს საკმარისი მედიკამენტების შესაძენად. რაც შეეხება ჯენერიკი მედიკამენტებით სარგებლობას, პირადად ჩემთვის მიუღებელია. ჯანდაცვის სამინსიტროს მიდგომა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ვერ გაზრდის.