რატომ არ რეაგირებს ჯანდაცვის მინისტრი პაციენტების დაღუპვის შემთხვევებზე, რომლებშიც ექიმების ბრალეულობა იკვეთება? – რატომაა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ექიმებისადმი დაწესებული სანქციები არაადეკვატურად რბილი პაციენტების დაღუპვის საგანგაშო შემთხვევების ფონზე?
ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პაციენტების დაღუპვის არცერთ ფაქტს, რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია და სააგენტო მაქსიმუმ ლიცენზიის რამდემიმე თვიანი შეჩერებით ამ კლინიკისადმი ჯარიმების დაწესებით შემოიფარგლა.
მაგალითად, ორი ექიმისადმი სანქციების დაწესებით შემოიფარგლა სააგენტო 2014 წლის ივლისში ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარის გარდაცვალების გახმაურებული ფაქტის გამოძიების შედეგად.
იგივე „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმის გადახდა დაეკისრა შუახევის კლინიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ. აღნიშნულ კლინიკაში პაციენტი იმის გამო გარდაიცვალა, რომ ადგილზე სამედიცინო პერსონალი არ დახვდა.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მაშინ აღიარა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცალსახად გამოიკვეთა დარღვევები სამედიცინო დაწესებულების მხრიდან.
„შუახევთან დაკავშირებით ცალსახად გამოკვეთა სანებართვო ვალდებულებების დარღვევა, რისთვისაც უკვე განხორციელდა შესაბამისი ქმედება, და დაჯარიმდა ეს დაწესებულება.რაც შეეხება იმას, რომ მოქმედმა გადაწყვეტილებებმა რისკები გაზარდა პაციენტის მოვლისთვის, ესეც ცალსახად არის დადასტურებული,“– განაცხადა სერგეენკომ.
ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევის, მათ შორის ბავშვების დაღუპვის შემდეგ, საზოგადოებაში ხშირად ისმის შეკითხვები ექიმების შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებით.
თუმცა სახელმწიფო ამ შეკითხვებზე ამომწურავ პასუხს ვერ იძლევა, რაც საზოგადოებაში ეჭვებსა და პროტესტს კიდევ უფრო ამძაფრებს და ექიმების „ლინჩის“ წესით გასამართლების მოწოდებებს აჩენს.
ბუნებრივია, სახელმწიფოს მიზანი ექიმების „ციხეში გაშვება“ არ უნდა იყოს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფოს ლოიალური მიდგომებით კიდევ უფრო მეტი პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, რადგან როდესაც ექიმებს არ აქვთ მკაცრი სასჯელის შიში და იციან, რომ ყველაზე მძიმე შემთხვევაშიც კი მხოლოდ ლიცენზიის სამთვიანი შეჩერება ემუქრებათ, ისინი შესაძლოა ნაკლები სიფრთხილით მოეკიდონ პაციენტების მკურნალობას.
„კომერსანტთან“ საუბარში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რამდენიმე წევრმა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ სააგენტოს წევრები უფთხილდებიან თავიანთი კოლეგების იმიჯს და ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე მკაცრ სასჯელს არ ითხოვენ.
ყოველგვარი დემაგოგიის გარეშე უნდა ითქვას, რომ ასეთი „კოლეგიალობა“ პაციენტებს შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეთ.
სააგენტოს წევრები „კომერსანტთან“ კონფიდენციალურობის დაცვის პირობით ამბობენ, რომ სააგენტოს მიერ განხილული შემთხვევების 80%–ში ექიმების ბრალეულობა დასტურდება, თუმცა „პროფესიული სოლიდარობის“ გამო ასეთი ექიმები ფაქტობრივად დაუსჯელები რჩებიან და რამდენიმე თვეში უპრობლემოდ აგრძელებენ პაციენტების მკურნალობას.
განსაკუთრებით საგანგაშოა იმ კლინიკაში არსებული ვითარება, სადაც ბავშვებს მკურნალობენ.
იმ კლინიკის ექიმები, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ამცნობს საზოგადოებას ლონდონის ბირჟაზე მისი აქციებით ვაჭრობის შედეგებს, აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მათი მუშაობის სათანადო პირობები არ არსებობს, რის გამოც არ სრულდება სამედიცინო მომსახურების სტანდარტები. რაც ბუნებრივია, პაციენტების უკმაყოფილებას იწვევს.
პროტესტი ამ კლინიკისადმი აქტიურად ისმის სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ. თუმცა, ამ მაღალი ინტერესის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი განმარტებების გაკეთებასა და სიტუაციაში ჩარევას საჭიროდ მაინც არ თვლის.
ყალბი კოლეგიალობის პრინციპებიდან გამომდინარე, როდემდე უნდა გაგრძელდეს იმ ექიმების დაცვა, რომელთა კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს?
რატომ არ რეაგირებს ამ თემაზე დავით სერგეენკო? როგორია მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით? ლიცენზიის შეჩერების გარდა, რა სანქციები გამოიყენება იმ ექიმების მიმართ, რომელთა ბრალეულობაც ამა თუ იმ მძიმე შემთხვევაში დადასტურებულია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „კომერსანტი“ უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრისგან შეეცდება.