დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ ზაფხულის სეზონთან ერთად, ინფექციური დაავადებების შესაძლო გახშირებასთან დაკავშირებით პორტალ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა.
მისივე განმარტებით, ინფექციების, მათ შორის ლეიშმანიოს გადამტანი მწერები შებინდებისას განსაკუთრებით აქტიურდებიან. იმნაძემ მოსახლეობას ურჩია, რომ მათ მწერების დასაფრთხობელი საშუალებები ეხმარათ და ის ზოგადი წესები დაეცვათ, რომლის დაცვაც ჰიგიენის თვალსაზრისით ყველა დიასახლისს ევალება.
„ მაგალითად, ლეიშმანიოზის გამომწვევი მწერი შებინდებისას აქტიურდება, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ 1 წლამდე ბავშვებს დაუცველი კანით შებინდების მერე სასეირნოდ აღარ გამოიყვანენ. ლეიშმანიოზი კოღოზე პატარა მწერია, ფლებოტომუსი ჰქვია და ქინქლაზე ოდნავ დიდია. საფრთხეს ის, ძირითადად, ბავშვებისთვის წარმოადგენს.
მოზარდებშიც საშიშია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე იმუნური სისტემის დარღვევა აქვთ. ძირითადი რეზერვუარი ძაღლია. ამიტომაც თუ ძაღლი გყავთ, ვეტერინარს შეამოწმებინეთ. კბენის სეზონი დაახლოებით ივნისის მეორე ნახევარში დაიწყება. მისი გამოვლინება კი შემოდგომის ბოლოსკენ მოხდება. რაც შეეხება მალარიას, ეს დაავადება ქვეყანაში არ გვაქვს, მაგრამ კოღო არის, ამიტომ თუ ის გავრცელდა, ესე იგი შემოიტანეს.
საქართველოში გამოჩნდა ის მწერი, რომელსაც გადააქვს “დეენგე” და “ყვითელი ცხელება” “ჩიკუნგუნია” და “ზიკა”. ეს გადამტანი ჩვენ დასავლეთ საქართველოში დავიჭირეთ. ამიტომაც ძალიან მალე დასავლეთ საქართველოში ფართომაშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება“,– განაცხადა იმნაძემ.