მთავარი » ჯანდაცვა » პაატა იმნაძე – საქართველოში გრიპის ვირუსის პიკი გადავლილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სრული მონაცემები მომავალ ორშაბათს ექნება - განაცხადა იმნაძემ.გრიპის ვირუსის პიკი საქართველოში უკვე გადავლილია.

პაატა იმნაძე – საქართველოში გრიპის ვირუსის პიკი გადავლილია

კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაახლოებით 10 000-მდე ადამიანი ავადდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, გრიპის წლევანდელი სეზონი საშუალო სიმძიმისაა.

“დაახლოებით ყოველკვირეულად 10 000-მდე მოქალაქე ავადდება გრიპის ვირუსებით. შემთხვევების უმეტესობა გართულების გარეშე იყო. ზოგიერთ შემთხვევაში მძიმედ მიმდინარეობდა, თუმცა პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. იყო ასევე ფატალური შემთხვევები, როდესაც ვირუსი სხვა მძიმე დაავადებების ფონზე განვითარდა”, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, 100 000 მოსახლეზე ამ მომენტისათვის გრიპის 357 შემთხვევა ფიქსირდება.

პაატა იმნაძემ გრიპის ავადობასთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის სტატისტიკური მაჩვენებლებიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

“უკრაინაში გრიპის ვირუსებისაგან 190-მდე ადამიანი გარდაიცვალა”, – აღნიშნა მან.

შედარებისათვის პაატა იმნაძემ მედიას საქართველოში გასულ წლებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემებიც წარუდგინა და განმარტა, რომ 2009-2010 წლებში გრიპის ვირუსის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა. 2011-2012 წლებში 53 ადამიანი, გასულ წელს კი გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

“ხოლო დღევანდელი მონაცემებით გარდაცვლილია 9 პაციენტი, რომელთაგანაც 8 H1N1 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ერთი პაციენტი კი H3N2-ით. ბოლო მონაცემებით, ცენტრში გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 255 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათი 90% H1N1 ვირუსზე მოდის.

წლევანდელი გრიპის სეზონი ჩვეულებრივია. მიმართვიანობის ზრდის ტემპი უკვე შემცირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სრული მონაცემები მომავალი კვირის ორშაბათს ექნება”, – განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ გრიპის ვირუსების პიკი საქართველოში უკვე გადავლილია.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …