ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები სამედიცინო ცენტრი “მედინას” მთავარმა მედდამ შორენა ჯაშმა დადებითად შეაფასა და ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას მნიშვნელოვანი და დროული უწოდა.
“ოჯახის ექიმი პაციენტებისთვის აუცილებელია. ის არის სპეციალისტი, რომელიც შემდგომ ანაწილებს მათ მიზანმიმართულად. პაციენტი, რომელიც მიდის კლინიკაში, პირველად, აუცილებლად უნდა მიამრთოს ოჯახის ექიმს და შემდგომ, ექიმის მითითებით აკითხვას ვიწრო სპეციალისტს.
ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ გაუმჯობესდეს ოჯახის ექიმების მომზადების საკითხი. მათთვის ასევე აუცილებელია ყველა საჭირო პირობა, რაც მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევის შესაძლებლობას ჰქონდეთ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახის ექიმების ხელფასები ძალიან დაბალია. თუ ექიმს არ ექნება შესაბამისი ანაზღაურება, მოტივაციაც არ იქნება მაღალი”, – განმარტავს შორენა ჯაში.
შორენა ჯაშმა ასევე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული რეფორმა პაციენტებისთვის ა ერთგვარი ხსნაა: “ძალიან ბევრს არ გააჩნდა სამკურნალო თანხა და ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით შეძლეს შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
გარკვეული დაზღვევები ადრეც არსებობდა, მაგრამ რეფორმა უფრო მასშტაბური სახისაა და უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს პაციენტებს. არის ოპერაციები, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია და არ ფინანსდება, მაგრამ პაციენტი კმაყოფილია – ის შეღავათი და ის თანადაფინანსება უაღრესად მნიშვნელოვანია მათთვის”.
ექიმმა წამლის ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წამლით მკურნალობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქირურგიული ჩარევა: “მედიკამენტის მოხმარების შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს უნდა გააჩნდეს. გაძვირებული პრეპარატები კი ამის შესაძლებლობას ვერ იძლევა.
არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი იკეთებს ოპერაციას, სახლში მიდის კმაყოფილი, მაგრამ ოპერაციის შემდგომ აუცილებელია მედიკამენტებით მკურნალობაც, რაც საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს და პაციენტს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია. ეს ძალიან დიდი პრობლემაა”, – განმარტავს სამედიცინო ცენტრი “მედინას” მთავარი მედდა და ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავალს მედკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაში ხედავს.