მთავარი » მსოფლიო » ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 4300-მა ქალმა იმშობიარა – ჯანმო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 4300-მა ქალმა იმშობიარა – ჯანმო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და უკრაინის ჯანდაცვის სისტემაზე ყველანაირი შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ეს საშინელი შეტევები იწვევს  პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის დაღუპვასა და სერიოზულ ტრავმებს, ანადგურებს ჯანდაცვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ინფრასტრუქტურას, ათასობით ადამიანს კი აიძულებს, უარი თქვან სამედიცინო სერვისებზე, მიუხედავად კატასტროფული საჭიროებებისა. ყველაზე სუსტებზეჩვილებზე, ბავშვებზე, ორსულ ქალებსა და დაავადებების მქონე ადამიანებზე, სამედიცინო პერსონალზე თავდასხმა, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის, უსინდისო დაუნდობლობის აქტია,“ – აღნიშნულია ჯანმოს განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ჯანდაცვის სისტემებზე 31 შეტევა მოხდა. 24 შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებები დაზიანდა, 5 თავდასხმა კი სასწრაფო დახმარების მანქანებზე განხორციელდა. ამ თავდასხმების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ჯანდაცვის ობიექტებზე შეტევები ისევ გრძელდება.

„ომის დაწყებიდან უკრაინაში 4300-ზე მეტი მშობიარობა დაფიქსირდა, და მოსალოდნელია, რომ უახლოეს 3 თვეში 80 ათასმა უკრაინელმა ქალმა იმშობიაროს. ჟანგბადი და მედიკამენტები, მათ შორის ორსულობის გართულების მკურნალობისთვის, საგანგაშოდ დაბალ დონეზეა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის ჯანდაცვის სისტემა ძალიან გადატვირთულია და მისი კრახი კატასტროფული იქნება. ამიტომ, ორგანიზაციის განცხადების თანახმად, აუცილებელია ყველა ზომის მიღება, რომ ეს არ მოხდეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, რაც მოიცავს დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას, რათა ადამიანებმა შეძლონ ჰუმანიტარული დახმარების მიღება,“- ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …