ომიკრონის შტამის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ ისრაელში სპეციალისტების ნაწილი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.
ექიმი სალმან ზარკას განცხადებით, რომელსაც „ვირუსის მეფეს“ უწოდებენ, ისრაელი სავალდებულო ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს. „მე ვფიქრობ, რომ უნდა შევისწავლოთ ყველა ვარიანტი, მათ შორის სავალდებულო ვაქცინაციის,“ – განაცხადა ზარკამ Radio 103FM-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ეს მისი პირადი აზრი და არა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსი.
ზარას განცხადებით, ვაქცინაციის მიმართ რბილი მიდგომები ისრაელში ვაქცინაციის წარმატებულ კამპანიას ემუქრება.
„ისრაელში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ვაქცინაციისადმი მიდგომა უფრო ინკლუზიურია, რაც ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებისთვის დროს აძლევს. ამას კი თავისი ფასი აქვს. ისრაელში 680 ათასი ადამიანი აუცრელია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მათთან დაკავშირებას. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ისინი უარს არ ამბობენ ვაქცინაციაზე, თუმცა, როდესაც ვუყურებ, რა დაგვემართა ეპიდემიის მეოთხე ტალღის დროს, რომელმაც სხვებთან შედარებით აუცრელები უფრო დააზარალა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა აიცრან ეს ადამიანები,“ – განაცხადა მედიკოსმა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ არ იქნება არანაირი მოულოდნელი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ადამიანებს აცრას აიძულებს.
გამოცემა timesofisrael.com წერს, რომ ამ დრომდე ვაქცინაციაზე სრული მანდატორიზმი მხოლოდ ვატიკანმა შემოიღო, თუმცა, როგორც ჩანს, მას რამდენიმე სხვა ევროპული სახელმწიფო მიბაძავს.
გასულ თვეში ავსტრიამ განაცხადა, რომ თებერვალში კორონავირუსის ვაქცინაციას სავალდებულოდ გამოაცხადებს. მან უკვე შემოიღო შეზღუდვები გადაადგილებაზე არავაქცინირებული ან მცირე დროის წინ კოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვის და ნოემბრის დასაწყისში გახდა ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოქალაქეების ამ კატეგორიისგან სახლში დარჩენა მოითხოვა.
საბერძნეთში სავალდებულო ვაქცინაცია 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის დაწესდა, აუცრელებისთვის კი ჯარიმები ამოქმედდა, თუკი ისინი უსაფრთხოების წესებს არ დაიცავენ.