ომიკრონის ახალი ქვეშტამით „კენტავრით“ (BA.2.75) ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება.
ახალი შტამი გამოჩნდა რუსეთშიც, სადაც 5 შემთხვევა დააფიქსირეს. ინფორმაციას რუსული მედია ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასალები ივლისშია აღებული და ყველა ინფიცირებულის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მათ შორის ჰოსპიტალიზებულები არ არიან. რუსეთში ზოგადად კორონავირუსით დაავადების შემთხვევები იზრდება – ერთ დღე-ღამეში კლინიკებში 1337 ადამიანი მოათავსეს, რაც 132%-ით აღემატება ერთი დღის წინანდელ მაჩვენებელს.
ერთ დღე-ღამეში 44 პაციენტი გარდაიცვალა.
„კენტავრი“ კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამია. ეს სახეობა პირველად ინდოეთში ივნისში აღმოაჩინეს და მას შემდეგ, სულ მცირე, 10 ქვეყანაში გავრცელდა. მათ შორისაა ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა.
მკვლევარები BA.2.75-ს „მეორე თაობის“ ვარიანტად მოიხსენიებენ, რადგან ინფექციის ეს სახეობა BA.2-ის ვარიანტიდან წარმოიშვა.
ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა ეს ქვევარიანტი შეაფასა როგორც დაკვირვების ქვეშ მყოფი სახეობა. ეს კი ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ ის შესაძლოა უფრო გადამდები იყოს ან დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს.
ახალ ვარიანტს ასევე ყურადღებით აკვირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, თუმცა იქ აცხადებენ, რომ მეცნიერებს ჯერჯერობით არ აქვთ საკმარისი რაოდენობის მასალები ამ ქვევარიანტის სერიოზულობის შესაფასებლად.
მეცნიერები ამბობენ, რომ საწყის, BA.2 ვარიანტთან შედარებით ახალ ქვეშტამს ცილის დამატებითი 8 მუტაცია ახასიათებს.
ამ მუტაციების მდებარეობის გამო მეცნიერები შიშობენ, რომ BA.2-ს წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შესაძლოა არაეფექტური იყოს BA.2.75-ს მიმართ.