კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონით დაინფიცირებული ადამიანების უმრავლესობა ახალგაზრდაა. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოუეტოს კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა კრის ჰანი ბარაგვანატამ განაცხადა.
„ახალგაზრდა ადამიანები 20-დან 30 წლამდე, დაავადების საშუალო და მძიმე ფორმით შემოდიან,“ – განაცხადა მან და ასევე აღნიშნა, რომ მათ უმრავლესობას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს.
„ჩვენი პაციენტების 65%-ს არ აქვს გაკეთებული კორონავირუსის ვაქცინა. არის მნიშვნელოვანი შეშფოთება, რომ სამედიცინო დაწესებულებები უკვე უახლოეს მომავალში დაავადებულთა მძლავრი ნაკადების მიღების წინაშე დადგებიან, რაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას გამოიწვევს,“- განაცხადა ბარაგვანატამ.
ამასთან, ცნობილმა ეპიდემიოლოგმა სალიმ აბდულ კარიმმა აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ასაკის ადამიანები უფრო მოწყვლადნი არიან ახალი შტამის მიმართ.
„უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახავთ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების დიდ რაოდენობას მათ შორის, ვისაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული,“ – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებს ახალი შტამით დაინფიცირების დიდი რისკები აქვთ. ამასთან, ჯანმო აცხადებს, რომ მონაცემები, რომ ახალი შტამი „დელტასთან“ შედარებით უფრო საშიშია ან უფრო სწრაფად ვრცელდება, ამ ეტაპზე არ არსებობს.
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკვე დაარეგისტრირა ახალი ვარიანტის სამი შემთხვევა, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის უწყება აფრთხილებს მოსახლეობას, რომ უახლოეს დღეებში სავსებით შესაძლებელია უფრო მეტი შემთხვევის დადასტურება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ერთერთი ბოლო კვლევის თანახმად, ომიკრონი დიდ ბრიტანეთში, სავარაუდოდ, უკვე 10 დღეა ცირკულირებს.
შექმნილ მდგომარეობაში დიდი შვიდეულის ჯანდაცვის მინისტრები ორშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ.
G7 შედგება შემდეგი ქვეყნებისგან – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ და ამჟამად თავმჯდომარეობს გაერთიანებული სამეფო.
შეხვედრა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ომიკრონის შემთხვევები დადასტურდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა კვირას განაცხადა, რომ შტამი სავარაუდოდ საფრანგეთშიც გავრცელდება. ”ჯერ არ არის იდენტიფიკაცია, მაგრამ ეს საათების საკითხია”, – თქვა ოლივიე ვერანმა.
ახალი შტამის გავრცელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან რუსეთშიც.