მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, თუმცა არის გამონაკლისებიც, რომლებიც მეცნიერების შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით საყურადღებო ვითარება შეიქმნა ჰონგკონგში, რომელიც უმკაცრესი კოვიდ-პოლიტიკით და კორონავირუსის „ნულოვანი“ გავრცელებით გამოირჩეოდა. თუმცა, ვაქცინაციის კუთხით არსებული ვითარება ის სუსტი მხარე აღმოჩნდა, რამაც ხელისუფლების ძალისხმება „წყალში ჩაყარა.“
გამოცემა „ალჯაზირას“ მოჰყავს ჰონგკონგის ერთერთი მოხუცთა თავშესაფრის მაგალითი, სადაც პანდემიის განმავლობაში უმკაცრესი შეზღუდვები მოქმედებდა: ხანდაზმულებს საკუთარი ოთახების დატოვება ეკრძალებოდათ, მათ ოჯახებს კი მათთან შეხვედრის უფლება არ ჰქონდათ. თავშესაფრის თანამშრომლები კვირაობით მორიგეობდნენ სამსახურში, რათა ვირუსი გარედან არ შეეტანათ.
ამის მიუხედავად, მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო. თებერვალში თავშესაფრის რამდენიმე მობინადრე კლინიკაში სიცხეებით, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოხვდა.
ბოლო პერიოდში ჰონგკონგი ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას კორონავირუსით დაინფიცირების ათობით ათასი შემთხვევის შესახებ. ხანდაზმულთა დიდი ნაწილი აქ აუცრელია, რის გამოც მთელი პანდემიის განმავლობაში, გარდაცვალების მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ჰონგკონგში 80 წელს გადაცილებული მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია ორჯერ აცრილი. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების გაკეთება უკვე წელიწადზე მეტია, ყველას თავისუფლად შეუძლია, ხანდაზმულებს შორის ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულება ცალსახად დადებითი არ ყოფილა.
პანდემიის მეხუთე ტალღის პერიოდში გარდაცვლილი 2400-მდე პაციენტიდან 87% 60 წლის და უფრო ასაკოვანი იყო. მათგან 90% კი სრულად აცრილი არ ყოფილა.
ომიკრონის უკიდურესად გადამდებმა ვარიანტმა საბოლოო ჯამში გაარღვია ქალაქის დაცვა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მკაცრ სასაზღვრო შეზღუდვებს გულისხმობდა.
ეპიდაფეთქების შედეგად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა, გადავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები და მორგები.
ყოველდღიურად ვირუსის 40 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება და 300-მდე ადამიანი იღუპება.
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ კლინიკებში თავისუფალი ადგილების დეფიციტია, მოქალაქეები ასევე ვერ ახერხებენ დისტანციურ კონსულტაციაზე ჩაწერას.
ეს ხდება კოვიდპანდემიასთან თითქმის ორწლიანი, მკაცრი ბრძოლის შემდეგ, რაც მოიცავდა სავალდებულო კარანტინს, მგზავრობების აკრძალვას და საწარმოების დახურვას, რამაც ქალაქიდან პროფესიონალი კადრების გადინება გამოიწვია.
ჰონგკონგის მაგალითს საქართველოსთვისაც საყურადღებოდ მიიჩნევს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, რომელიც ამბობს, რომ ჰონგკონგის მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს აქვს ბუსტერი მიღებული. 60 წელს გადაცილებული მოსახლებიდან კი აცრილი მხოლოდ 66%-ია. სწორედ ამიტომ, წერეთლის თქმით, აუცილებელია საქართველოში ბუსტერ-დოზების გაკეთების გააქტიურება და იმუნიზაციით მოსახლეობის 70-80%-ით მოცვა. მისი განმარტებით, მხოლოდ ასეთ პირობებში შეეძლება ქვეყანას, მშვიდად იყოს, ახალი შტამის გამოჩენის შემთხვევაშიც კი.
სპეციალისტების გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებლები იკლებს და დღიურად 1000-ზე ნაკლებ ვაქცინაცია კეთდება.