შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჩინეთში მაღალი დონის პლენარულ სესიაზე გამოვიდა, სადაც მან ისაუბრა ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და მის ქმედით ნაბიჯებზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ჭრილში.
ნინო ბერძულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მიღწეული წარმატება სკრინინგისა და მკურნალობის მიმართულებით, ასევე ელიმინაციის მიმართულებით 2020 წლისთვის სამიზნეების შესრულება შესაძლებელია პრევენციის გაძლიერებით, ცნობიერების ამაღლებით და ჯანმრთელობითი განათლების გაუმჯობესებით საზოგადოების ყველა ჯგუფში-დაავადებულ პაციენტებში, მათ ოჯახებში და ზოგადად საზოგადოებაში, პოლიტიკის შემქმნელებსა და ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებში.
როგორც ნინო ბერძულმა განაცხადა, ჯანმრთელობით განათლებას აქვს უდიდესი როლი, რამდენადაც იგი აძლიერებს თითოეულ ადამიანს და მთლიან საზოგადოებას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ჩამოაყალიბოს სწორი ქცევითი რისკ-ფაქტორები, ხოლო პოლიტიკის შემქმნელებს და კანონმდებლებს საშუალებას აძლევს იმოქმედონ შესაბამის პოლიტიკასა და საკანონმდებლო საკითხებზე. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ქმედებებსა და მდგრადი განვითარების მიზნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის მეცხრე პლენარული კონფერენცია (შანხაი, 21-24 ნოემბერი 2016) გაიმართა ჩინეთის მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიციის ერთობლივი ორგანიზებით. კონფერენციაზე მიღებული შედეგები, რომლებიც არის ჯანმრთელობის ხელშეწყობის შანხაის დეკლარაციის მოკლე შეჯამება, მხარდაჭერილია კონფერენციის მონაწილეების მიერ.
Jandacvis Saministro