მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წამლის მწარმოებელი კომპანია რუსეთში კლინიკურ კვლევებს აჩერებს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წამლის მწარმოებელი კომპანია რუსეთში კლინიკურ კვლევებს აჩერებს

შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Novartis-ი რუსეთში ახალი პრეპარატების კლინიკურ კვლევებს აჩერებს. მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. შესაბამისი განცხადება კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.

კლინიკური კვლევები აუცილებელი პირობაა რუსეთში მედიკამენტების დარეგისტრირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში Novartis-ის ახალი წამლების გაყიდვა შეფერხდება.

კორპორაციამ ასევე განაცხადა, რომ 3 მილიონი დოლარი უკრაინიდან ლტოლვილებისთვის გაიღო და დაგმო რუსეთის სამხედრო მოქმედებები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია წყვეტს რუსეთის ბაზარზე ინვესტიციებსა და სარეკლამო საქმიანობას.

Novartis-ი უშვებს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მედიკამენტზოლგენსმას“, რომელიც კუნთოვან-სპინალური ატროფიის მქონე ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება. ამ მედიკამენტის ერთ ინექციას, რომლის ღირებულება 2,1 მილიონი დოლარია, შეუძლია ადამიანის სრულად გამოჯანმრთელება. არსებობს კომპანიის წარმოების, იგივე დაავადების მედიკამენტები, რომელთა მიღებაც პაციენტისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში აუცილებელია.

მსგავსი ზომა მიიღო კიდევ ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Eli Lilly-მ, რომელმაც რუსეთში ინვესტიციები და სარეკლამო საქმიანობები შეწყვიტა.

ფარმაცევტულ კორპორაციებს რუსეთში უცხოური პრეპარატების გაყიდვა არ შეუჩერებიათ, თუმცა ხალხმა სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების მასობრივი შეძენა დაიწყო, რის გამოც აფთიაქებში ზოგიერთი პრეპარატის დეფიციტი შეიქმნა.

რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ელენა დენისოვამ გუშინ განაცხადა, რომ ნედლეულის ნაწილის უცხოეთიდან მოწოდება შეწყდა და ამიტომ ხელისუფლება ალტერნატიულ მიმწოდებლებს ეძებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი. თუმცა დენისოვამ არც ის დამალა, რომ ამ ქვეყნებმა მედიკამენტების ფასები გაზარდეს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …