მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში ყოველი მე-6 ადრეული სიკვდილი ეკოლოგიას უკავშირდება

მსოფლიოში ყოველი მე-6 ადრეული სიკვდილი ეკოლოგიას უკავშირდება

გარემოს დაბინძურება მსოფლიოში დაავადებებისა და ადრეული სიკვდილის რისკის უმსხვილესი ფაქტორი გახდა. მაგალითად, 2015 წელს ცუდი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებებით 9 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც გარდაცვალების შემთხვევების 16% და ადრეული სიკვდილის შემთხვევებიდან ყოველი მეექვსეა.

ამის შესახებ სტატიას ჟურნალი The Lancet Planetary Health აქვეყნებს.

ექსპერტებმა გააანალიზეს 2015-2019 წლების სიტუაცია და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეკოლოგიით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებლები არ შეცვლილა.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ შემცირებულია სიკვდილიანობა, რომელიც ჰაერის და წყლის საყოფაცხოვრებო დაბინძურებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, სიღარიბითაა გამოწვეული. ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში 2015 წელს 2,9 მილიონი იყო, 2019-ში კი 2,3 მილიონი.

თუმცა საგრძნობლად გაიზარდა სიკვდილიანობა ატმოსფეროს მდგომარეობის გაუარესებისა და ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების გამო.

ადრეული გარდაცვალების მიზეზებს შორის 7%-ით გაიზარდა ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის შედეგების წილი. ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში წლიურად 2015-დან 2019 წლამდე 4,2 მილიონიდან 4,5 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა.

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დაბინძურებასთან ბრძოლაში მცირე პროგრესია შესამჩნევი. გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში 90% დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის.

„ჩვენ ვსხედვართ ქვაბში და ნელნელა ვიწვით,“- განაცხადა კვლევის ავტორმა რიჩარდ ფულერმა.

ექსპერტების თქმით, ძირითადი სფეროები, რომლებზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო, არის ჰაერის დაბინძურება, ტყვიით მოწამვლა და ქიმიური დაბინძურება. მხოლოდ ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება და ეს ციფრი სულ უფრო იზრდება.

ტყვია და სხვა ქიმიური დამაბინძურებლები კი წელიწადში 1,8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.

„დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და პლანეტის ბიომრავალფეროვნების დაკარგვა არის ჩვენი დროის სამი ძირითადი გლობალური ეკოლოგიური პრობლემა. ეს პრობლემები ერთმანეთთან განუყოფლადაა დაკავშირებული და თითოეული მათგანის მოგვარება სხვებს სარგებელს აძლევს,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …