ბოლო პერიოდში ყურადღება მიიპყრო ომიკრონის კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა – CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მის მიერვე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს და აღნიშნული სუბვარიანტის თვისებებზე წერს.
„ეს სუბვარიანტი პირველად გამოვლინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამჟამად ძირითადად გავრცელებულია ახალ ზელანდიაში (40%-მდე) და უფრო ნაკლებად დიდ ბრიტანეთში (10%-მდე), აშშ-ში CH.1.1 სუბვარიანტის გავრცელება 1.5%-ია. ამ სუბვარიანტმა ძირითადად ყურადღება მიიქცია იმით, რომ შეიცავს L45R მუტაციას, რომელიც თავის დროზე ნანახი იყო დელტა შტამში. მართალია, ითვლება, რომ CH.1.1 მაინც ომიკრონის სუბვარიანტია და არ წარმოადგენს ომიკრონის და დელტა შტამის რეკომბინანტს – ასე ვთქვათ „Deltacron”-ს, მაგრამ ვინაიდან ის შეიცავს დელტა შტამისთვის დამახასიათებელ ერთ მუტაციას (L45R), ყურადღებით აკვირდებიან ხომ არ იწვევს ის უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე ომიკრონის სხვა სუბვარიანტები,“ -წერს ცერცვაძე.
რაც შეეხება XBB1.5-ს, რომელიც „კრაკენის“ სახელითაა ცნობილი, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მათი რაოდენობა იზრდება.
„ითვლება, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ყველაზე მეტი გადამდებლობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება. თუმცა ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად,“ – განმარტავს ცერცვაძე.
საქართველოში არსებული ეპიდვითარების მიმოხილვისას კი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების მცირე (დღეში 500-მდე), COVID ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების (300-მდე) და დადებითობის მაჩვენებლის (6-7%-მდე) მატება. თუმცა COVID გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.
„საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლევ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სადღეისოდ COVID საქართველოში კვლავ იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, მაგრამ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და საქართველოში არსებული COVID შემთხვევების მატების ტენდენცია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისგან და მოსახლეობისგან მოითხოვს მეტ სიფხიზლეს და პრევენციული ზომების გაძლიერებას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში.
ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას.
ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ პაქსლოვიდის ან რემდესივირის გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები. რაც შეეხება სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მათი სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და შეესაბამება სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს,“ – წერს ცერცვაძე.
რაც შეეხება სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მისი თქმით, ისინი ქვეყანაში იმართება ძალიან კარგად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა.