აფრიკის დასავლეთში მდებარე მსხვილ სახელმწიფოში, ნიგერიაში დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალება, რომელიც მაიმუნის ყვავილით იყო ინფიცირებული. ამავდროულად ესაა მსოფლიოში პირველი შემთხვევა ამ ვირუსის მიმდინარე აფეთქების პერიოდში, როცა მან ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა.
ნიგერიაში მაიმუნის ყვავილი იანვრიდან გავრცელდა.
რაც შეეხება გარდაცვლილ პაციენტს, ის 40 წლის მოქალაქეა, რომელსაც თანდართული დაავადებები ჰქონდა და იღებდა იმუნოდეპრესანტებს.
დაავადებათა კონტროლის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, დედაქალაქ აბუჯაში გრძელდება ნიმუშების გენეტიკური კვლევები: მათი დასკვნის თანახმად, დღემდე მაიმუნის ყვავილის ყველა შემთხვევის გამომწვევი ვირუსი ნაკლებ აგრესიულია.
·
უწყებაში ამბობენ, რომ მაიმუნის ყვავილის სიმპტომები მოიცავს სურდოს, თავის ტკივილს, ტკივილს ყელსა და სხეულის სხვა ნაწილებში, ლიმფური კვანძების გადიდებას კისრის მიდამოებში და შემდგომ ეტაპზე – გამონაყარს სახეზე, ხელისგულებზე, სასქესო ორგანოებსა და სხვა ადგილებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკს ზომიერად აფასებს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ სიტუაცია გაუარესდება, რადგან, როგორც ჩანს, ვირუსი მინიმუმ რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად ცირკულირებდა.
· ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის 300-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული 23 ქვეყანაში. კიდევ 120 შემთხვევას სწავლობენ.