ბრაზილიისა და ესპანეთის მთავრობებმა მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებული პაციენტების დაღუპვის შესახებ განაცხადეს. ეს აფრიკის მიღმა ამ დაავადების მქონე ადამიანების გარდაცვალების პირველი ფაქტებია.
ბრაზილიაში ამ ეტაპზე 513 დადასტურებული შემთხვევაა. ესპანეთში კი 3750 დაინფიცირებულია, მათგან 120-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
„ბიბისის“ ცნობით, ბრაზილიაში 41 წლის ინფიცირებული მამაკაცი ლიმფომისა და იმუნიტეტის დასუსტების ფონზე გარდაიცვალა. ესპანეთში გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებულთა 98%-ზე მეტი არიან მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან.
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ამერიკული ცენტრების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსოფლიოში მაიმუნის ყვავილით 21 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.
დაავადება, როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს – დაახლოებით იგივე სიმპტომებით, რაც ჩუტყვავილას აქვს და ისინი რამდენიმე კვირაში, თავად ქრება. თუმცა დასავლეთ აფრიკაში მომხდარი რამდენიმე აფეთქების დროს ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ს აღწევდა.
პირველი სიმპტომებით მაიმუნის ყვავილის გამოვლენა საკმაოდ რთულია – ესაა ტემპერატურა, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი და სხვა.
მსოფლიოში არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის გაკეთებაც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაა რეკომენდებული. პირველ რიგში ესაა ჰომოსექსუალი და ბისექსუალი მამაკაცები, ასევე პროფილური სამედიცინო პერსონალი.
23 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქება მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სფეროს საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.