მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში „ძილის ტურიზმი“ პოპულარობას იძენს – რას გულისხმობს ეს სერვისი

მსოფლიოში „ძილის ტურიზმი“ პოპულარობას იძენს – რას გულისხმობს ეს სერვისი

მთელი მსოფლიოს სასტუმროებსა და კურორტებზე სულ უფრო აქტიურად ჩნდება სერვისები, რომლებიც ძილზეა ორიენტირებული.

როგორც CNN-ის მასალაშია აღნიშნული, ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს დასვენების ისეთი ფორმატი, რომელიც საშუალებას იძლევა, ტურისტმა კარგად გამოიძინოს და ამით ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

დასვენების ასეთი ფორმატი განსაკუთრებით პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, როცა ტურისტული ინდუსტრიის მსხვილმა მოთამაშეებმა აქცენტი გააკეთეს ისეთ მომხმარებლებზე, რომლებსაც ძილის ნაკლებობა აწუხებთ.

მაგალითად, ტურისტებს სულ უფრო ხშირად სთავაზობენ ნომრებს, რომლებიც ხმის ინოვაციური იზოლაციითა და მაღალი ხარისხის საწოლებითაა აღჭურვილი. ასეთ ოთახებში შექმნილია პირობები მედიტაციისა და რელაქსისთვის, მათ შორის „ბალიშების მენიუ“ იმის მიხედვით, ძილის როგორი პოზა მოსწონს დამსვენებელს. სერვისში ასევე გათვალისწინებულია არომათერაპია და ბალახების სასმელები განტვირთვისთვის.

ძილის მკვლევარი ექიმი რებეკა რობინსი ამბობს, რომ ასეთი ტენდენცია დიდი ხანია მომწიფდა. წარსულში სასტუმრო ინდუსტრია ძირითადად ორიენტირებულია ისეთ სერვისებზე, რომლებსაც ადამიანს ძილის ხარჯზე სთავაზობენ. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ტურისტები სასტუმროებში სწორედ გამოსაძინებლად ჩერდებიან.

„ხშირად ადამიანების მოგზაურობა უკავშირდება დეკადენტურ საკვებს, ძილის რეჟიმის დარღვევას, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ყველაფერ იმას, რასაც მოგზაურობის დროს ძილის ხარჯზე ვაკეთებთ. ახლა კი, ჩემი აზრით, მოხდა უდიდესი სეისმური ძვრა ჩვენს კოლექტიურ ცნობიერებაში და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კუთხით არსებულ პრიორიტეტებში,“ – განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, პანდემიის დასაწყისიდან ბევრმა ადამიანმა განაცხადა ძილის ხარისხის გაუარესებაზე და დაიწყო იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. სასტუმრო სექტორის ახალი სერვისის განვითარებაც სწორედ ამ მოთხოვნას უკავშირდება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …