დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით ჯანმოს ევროპის ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ მისი არსებობის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში უპრეცედენტო პროგრესს მიაღწია.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დაარსდა 1948 წელს. მისი სახელმძღვანელო პრინციპია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის უმაღლესი მიღწევადი სტანდარტით, განურჩევლად რასისა, რელიგიისა, პოლიტიკური მრწამსისა, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისა.
წელს, დაწყებული 7 აპრილიდან – ჯანმრთელობის მსოფლიო დღიდან, ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად უწყვეტი და თავდადებული მუშაობის 75 წლის იუბილეს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ უპრეცედენტო პროგრესს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა WHO-ს ევროპის რეგიონის 53 წევრ ქვეყანაში 16 წლით გაიზარდა.
სამეცნიერო აღმოჩენებმა, სამედიცინო დარგში მიღწევებმა და შეთანხმებებმა გლობალური ჯანმრთელობის სფეროში შეცვალა ჩვენი სამყარო.
ჩვენ შევიმუშავეთ და ფართოდ დავნერგეთ ყვავილის, პოლიომიელიტისა და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინები და იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა, რათა მთელი მსოფლიოს ბავშვებისათვის უზრუნველყოფილი იყოს სასიცოცხლო ვაქცინების ხელმისაწვდომობა.
თანამედროვე ანტიბიოტიკების აღმოჩენის წყალობით, აქამდე სასიკვდილო ინფექციური დაავადებები ადვილად განკურნებადი გახდა და შესაძლებლობა მოგვეცა ჩავატაროთ მრავალი სამედიცინო პროცედურა, ორგანოთა გადანერგვიდან ქიმიოთერაპიამდე.
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ფართო წვდომის უზრუნველყოფამ და შესაბამისი უფლებების დაცვამ შეცვალა მილიონობით ქალის ცხოვრება.
ოცი წლის წინ, წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს პირველი გლობალური შეთანხმება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში – WHO-ს ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ (FCTC) – თამბაქოს მოხმარების შესაჩერებლად.
წევრმა სახელმწიფოებმა ასევე ვალდებულება აიღეს შეასრულონ ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციები (2005), გლობალური ჩარჩო ხელშეკრულება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციებისგან ადამიანების დასაცავად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მათზე რეაგირებისათვის განსახორციელებელი ზომების გაძლიერების მიზნით. ხელმისაწვდომი გახდა ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის, კიბოს, დემენციის და სხვა მრავალი დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი საშუალებები და მეთოდები.
დღეს ჩვენ დიდი ცოდნა დავაგროვეთ გარემო, ეკონომიკური, ქცევითი და გენეტიკური ფაქტორების შესახებ, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულნი არიან და გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ერთობლიობაში, ამ მიღწევებმა, რომლებიც შესაძლებელი გახდა ჯანდაცვის სპეციალისტების თავდადებული მუშაობით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ევროპის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა.
დღეს, როდესაც ვაჯამებთ ქვეყნებსა და კულტურებს შორის 75-წლიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების და სამეცნიერო ცოდნის გაზიარების შედეგებს და აღვნიშნავთ ჩვენს კოლექტიურ მიღწევებს, ვხვდებით, რომ ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე ვდგავართ. კიდევ ბევრი შესაძლებლობა მოგვეცემა და მოგვიწევს უფრო რთული კლიმატური, დემოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების დასაძლევად გამოსავლის პოვნა, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ჩვენი გამძლეობა და ერთად მუშაობის უნარი დღეს განდიციან უპრეცედენტო ზეწოლას, რაც გვახსენებს, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს ჩვენი ჯანმრთელობა და რატომ ვერ დავუშვებთ შვიდი ათწლეულის მანძილზე მძიმე შრომით მოპოვებული მიღწევების გაქარწყლებას.
ფუძემდებლური მიზანი, რომლითაც ჯანმო ხელმძღვანელობს 1948 წლიდან, დღესაც არანაკლებ აქტუალურია: ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის და ყველასთვის უკეთესი ჯანმრთელობის მისაღწევად,“ – ნათქვამია განცხადებაში.