მთავარი » მსოფლიო » მოსკოვის აფთიაქებში სიცხის დამწევი საბავშვო სიროფების დეფიციტია

მოსკოვის აფთიაქებში სიცხის დამწევი საბავშვო სიროფების დეფიციტია

მოსკოვის აფთიაქებში იმპორტული, სიცხის დამწევი საბავშვო სიროფების დეფიციტია. ინფორმაციას რუსული გამოცემა „ერ ბე კა“, აღნიშნული ბაზრის ანალიზის საფუძველზე ავრცელებს.

საუბარია ფრანგული კომპანიის Upsa-სა და ბრიტანული GlaxoSmithKline-ის პარაცეტამოლის შემცველ ორ პრეპარატზე – „ეფერალგანსა“ და „პანადოლზე,“ ასევე ბრიტანული კომპანიის Reckitt Benckiser-ის წარმოების იბუპროფენის შემცველობის საბავშვო „ნუროფენზე“.

სერვის „2 გის აპტეკის“ მონაცემებით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მდებარე 10 ათასამდე აფთიაქში საბავშვო „ეფერალგანი“ ფლაკონებში მხოლოდ 290 მათგანშია. საბავშვო „პანადოლის“ სუსპენზიის შეძენა კი მხოლოდ 36 აფთიაქშია შესაძლებელი.

მარკეტ ფლეისების Apteka.ru-სა და „სბერ აპტეკას“ მონაცემებით, ასევე ფიქსირდება დეფიციტი აღნიშნული მედიკამენტების კუთხით.

თუმცა ქსელების ნაწილში საბავშვო, სიცხის დამწევი პრეპარატების დეფიციტს უარყოფენ, ნაწილი კი კომენტარისგან თავს იკავებს.

2021 წლის მონაცემებით, სიროფის ფორმით გამოშვებული, პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი საბავშვო პრეპარატების საცალო გაყიდვებში ნუროფენი, პანადოლი, ეფერალგანი ბაზრის 98%-ს იკავებდა. ამასთან, „ნუროფენის“ წილი 92,6%-ია.

აღნიშნული სტატიის გავრცელების შემდეგ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დასახელებული მედიკამენტების დეფიტიცი უარყო და განაცხადა, რომ სიროფის ფორმით გამოშვებული, იმპორტირებული საბავშვო ტკივილიგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატების ბაზარზე პრობლემები არ არის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში სხვადასხვა იმპორტირებული პროდუქციის ბაზარზე პრობლემები შეიქმნა. უცხოური ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა რუსეთში კვლევებისა და ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …