სამსახურის ძებნისას ადამიანთა უმეტესობა საოფისე სამუშაოს ირჩევს. ზიხარ კომფორტულად, სისუფთავეში, ზამთარში – თბილად, ზაფხულში – გრილად და ასე აკეთებ საქმეს.
ბევრმა არ იცის, რომ საოფისე სამსახური ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ზოგმა ზუსტად იცის ან სმენია ამის შესახებ, თუმცა ბოლომდე მაინც არ აქვს გააზრებული ის საფრთხე, რასაც “მჯდომარე პროფესიები” იწვევს. “მშრალი თვალის სინდრომი”, ჰაერის უკმარისობა, მშრალი ხველა, ქრონიკული დაღლილობა, ხელის მტევნების დაძაბვა, ნერვული სისტემის დაავადებები, სქოლიოზი და ოსტეოქონდროზი – ეს იმ დაავადებათა მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც თავისუფლად შეიძლება დაემართოთ წლების განმავლობაში ოფისში მომუშავე ადამიანებს. ჯანმრთელობის რისკი დიდია, თუმცა ამით არ მცირდება მოთხოვნა საოფისე სამუშაოზე.
რომელი დაავადებების მიზეზად შეიძლება იქცეს ესა თუ ის პროფესია? “რეზონანსმა” ამ კითხვით ექიმ ნინო აბულაძეს მიმართა. მისი თქმით, მჯდომარე ცხოვრების წესი თითქმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს აზიანებს. ამიტომაც ოფისში მომუშავე ადმიანებისათვის ფიზიკური აქტივობა და ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება აუცილებელად გასათვალისწინებელი რეკომენდაციებია.
“მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს კისრისა და გულმკერდის ოსტეოქონდროზს. ცნობილია, რომ ოფისში მომუშავეთა 87%-ს კისრისა და გულმკერდის სხვადასხვა სეგმენტის ოსტეოქონდროზი აღენიშნება. თავისა და ხელების იძულებითი პოზა იწვევს პერიფერიული ნერვებისა და კუნთების გადაძაბვას, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, შედეგად კი ნევრალგიასა და ნევრიტს, მუდმივი ჯდომა – ჰემოროის, ქრონიკულ ყაბზობას, პროსტატიტს. ხშირია მხედველობის დაქვეითება, ქვედა კიდურების ვარიკოზული გაგანიერება, ნერვული და გონებრივი გადაძაბვის გამო – ქრონიკული დაღლილობის სინდრომი და ფსიქონევროზი. ჯდომა ადამიანისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომ მჯდომარე ცხოვრების წესი აზიანებს თითქმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს”, – ამბობს ნინო აბულაძე.
ექიმის მიერ ჩამოთვლილი დაავადებების საფრთხე საკუთარ თავზე გამოსცადა ნუკა ტაბატაძემ. ის მხედველობის საგრძნობლად დაქვეითებასა და ხერხემლის არეში ტკივილს საოფისე საქმიანობას უკავშირებს.
“უკვე 6 წელია, რეგისტრატორი ვარ. შესვენების გარდა, დანარჩენ დროს სულ კომპიუტერთან მიწევს ჯდომა. მხედველობის დაქვეითება სამუშაოს დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ შევნიშნე, ვხუმრობდი, ვბერდები-მეთქი. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემა მქონდა. ახლობლები მეკითებოდნენ, რატომ ვერ ვამჩნევდი მათ, დავუშვათ, ქუჩაში გადაადგილებისას. მე კი, უბრალოდ, მხედველობის პრობლმა მქონდა და ახლო დისტანციიდანაც კი მიჭირდა ადამიანების თუ საგნების მკაფიოდ დანახვა. მოგვიანებით დამეწყო ტკივილი ხერხემლის არეში, რამაც სერიოზული დისკომფორტი შემიქმნა და ექიმთან მივედი. მხედველობის პრობლემას ვერაფერი ეშველა, ახლა იმის შენარჩუნებას ვცდილობ, რაც “შემომრჩა”. ხერხემალზე მკურნალობის პარალელურად, კვირაში ორჯერ აუზზეც დავდივარ, რაც ნამდვილად მაძლევს შედეგს”, – ამბობს 28 წლის ნუკა ტაბატაძე.
განსხვავებულია პროგრამისტ დიტო გელაშვილის შემთხვევა, რომელიც დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს. მას ჯანსაღი ცხოვრების წესი ეხმარება ჯდომისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებაში.
“მუშაობა რომ დავიწყე, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. მოგეხსნებათ, პროგრამისტები დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ვატარებთ, თუმცა ამას ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად არ გამოუწვევია. ბავშვობიდან დავდიოდი სხვადასხვა სპორტზე და ყოველთვის აქტიური ვიყავი. მართალია, ამ გზას არ გავყევი, თუმცა ვცდილობ, კვირაში 3-ჯერ მაინც ვიარო ფიტნესკლუბში ან დილაობით ვირბინო. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მუშაობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების მხრივ რაიმე საგრძნობი ცვლილება არ მაქვს”, – განუცხადა “რეზონანსს” დიტო გელაშვილმა.
სამაგიეროდ, გაუარესებულ ჯანმრთელობაზე საუბრობს მაია ღავთაძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ოფისმენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. შეიძლება ითქვას, მას უკვე აწუხებს ოსტეოქონდროზი და სისხლძარღვთა დაავადებებისკენაც არის მიდრეკილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ უთავსებს სამსახურს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
“დღეში 7-8 საათს კომპიუტერთან ვატარებ. გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია მუდმივად ერთ გარემოში ყოფნა, ასეთი სამსახური ფიზიკურადაც ბევრი პრობლემის წყარო აღმოჩნდა. თავიდან ფეხების შესიება და წელის არეში ტკივილი ვიგრძენი, მერე უფრო და უფრო გამირთულდა. განსაკუთრებით რთული ამ რეჟიმში მუშაობა ფეხმძიმობის პეროიდში იყო, რამაც სამშობიარო გართულებებიც გამოიწვია. საბენდიეროდ, ამ მხრივ ყველაფერი კარგად დამთავრდა, თუმცა ვგრძნობ, წლიდან წლამდე როგორ მძიმდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტკივილებიც იმატებს. ექიმმა ვარჯიში მირჩია, მაგრამ დამღლელი სამუშაო რეჟიმისა და ოჯახური საქმეების პარალელურად, ამ ეტაპზე ეს ჩემთვის შეუძლებელია”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას მაია ღავთაძემ.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ პროფესიული დაავადებიბის რისკის შესამცირებლად, ექიმი ნუნო აბულაძე გვპასუხობს, რომ აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც მცირე დოზით, მაგალითად, ოფისის დერეფანში რამდენიმე წუთით სეირნობა, რაც დაძაბული სხეულის განტვირთვაში დაგვეხმარება.
“ვინაიდან ოფისის თანამშრომლები სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ მჯდომარე მდგომარეობაში კომპიუტერის მონიტორთან, ამიტომ მხედველობის დაძაბულობის მოსახსნელად აუცილებელია, სამუშაო დღის განმავლობაში შეასრულონ თვალის მამოძრავებელი კუნთების გასამაგრებელი კომპლექსური ვარჯიშები. ყოველი 30-40 წუთის შემდეგ, ადამიანმა 2 წუთით მზერა უნდა მოაშოროს კომპიუტერის ეკრანს და რაც შეიძლება შორ მანძილზე გადაიტანოს.
ჯდომითი რეჟიმის დროს, ყველაზე დიდი დატვირთვა ხერხემალზე მოდის და იზრდება ოსტეოქონდროზის განვითარების რისკი. ეცადეთ, სამსახურის დასრულებამდე არსებული ნებისმიერი თავისუფალი წუთი გამოიყენოთ, თუნდაც უმნიშვნელო მოძრაობა, ოფისის დერეფანში სეირნობაც კი დაძაბულ სხეულს შვებას მოჰგვრის. დილით 15 წუთით ადრე გაიღვიძეთ და სხეული გამამხნეველი ვარჯიშით გაიკაჟეთ. სასურველია ფეხით ან ველოსიპედით სერნობა და ფიტნესკლუბში ვარჯიში, თუმცა, დაძაბული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, პაციენტები ხშირად ვერ ახერხებენ მსგავს აქტიურობას”, – აღნიშნა ნინო აბულაძემ.
resonancedaily.com