“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ჯონი ჯანაშიას განცხადებით, მშობლებმა ბავშვის ჩამოყვანა დააგვიანეს.
„უმძიმესი მდგომარეობა იყო, ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, დღეს დილით, 05:00 საათზე გარდაიცვალა. კლინიკაში რომ მოიყვანეს, ფაქტიურად მენინგოკოკური სისხლჩაქცევები სხეულზე უკვე მოდებული იყო“, – განაცხადა ჯონი ჯანაშიამ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ნიჟარაძის თქმით, 4 წლის ბიჭი ბათუმის „დედათა და ბავშვთა“ ცენტრში 8 მარტს მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, აჭარაში ყოვეწლიურად მენინგოკოკური ინფექციის ერთეული შემთხევევა ფიქსირდება. ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს – სამი, 2015 წელს – ორი, 2016 წელს ერთი და მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.