მთავარი » ჯანდაცვა » მედიკამენტის ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს
მედიკამენტის ხარისხს არ განაპირობებს მწარმოებელი ქვეყანა. ზოგიერთ ცნობილ და დიდ ფარმაცევტულ კომპანიას ქარხანა აქვს ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში.

მედიკამენტის ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს

ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების ინიციატივზე  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი გოზალიშვილმა ისაუბრა:

“ჯენერიკი – ეს არის მედიკამენტების ჯგუფი, რომლის გამოშვების უფლებაც გააჩნია  ნებისმიერ სხვა კომპანიასა და ქვეყანას პატენტის ვადის გასვლის შემდეგ. ის არაფრით განსხვავდება ბრენდულ მედიკამენტისგან. ჯენერიკი, რომელსაც ბრენდი იგონებს და აპატენტებს, პირველად მედიკამენტთან შედარებით, გაცილებით იაფია.

შესაბამისად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიური ეფექტი ექნება, თუ ჯენერიკებს გამოიყენებენ. შემიძლია დავარწმუნო ისინი, რომ ჯენერიკი ფარმაცევტული შემადგენლობითა და მკურნალობის ეფექტით არაფრით განსხვავდება ბრენდისაგან. სერიოზულ ფარმაცევტულ კომპანიაში არ დაუშვებენ, მედიკამენტი დარღვეული ტექნოლოგიური პროცესით აწარმოონ“.

რაც შეეხება მედიკამენტის ხარისხს, პარლამენტარის განმარტებით, მას არ განაპირობებს მწარმოებელი ქვეყანა. “ზოგიერთ ცნობილ და დიდ ფარმაცევტულ კომპანიას ქარხანა აქვს ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. აღნიშნულ ქვეყნებში დამზადებულ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლს ახორციელებს სათაო ოფისი და შესაბამისად, ტექნოლოგიურ დარღვევებზე  საუბარი აბსურდია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჯენერიკის გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოში არ დარეგისტრირდება პრეპარატი, თუ მან სრული მოცულობით ხარისხის კონტროლი არ გაიარა. საქართველოში მაღალი დონის პროფესიონალი ფარმაცევტები გვყავს, რომლებიც არ დაუშვებენ ბაზარზე უხარისხო მედიკამენტების შემოსვლას“, – აცხადებს გიორგი გოზილაშვილი.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მედიკამენტების ხარისხის საკითხს, აღნიშნული მედიკამენტების ვარგისიანობასა და ნდობის ფაქტორს,  ოტორინოლარინგოლოგი მიშა ხუჯაძე გამოეხმაურა და სამინისტროს 3 წლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა. რაც შეეხება ჯენერიკებს, რომლის სეგმენტის გაფართოებაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იგეგმება ოტორინოლარინგოლოგი განმარტავს: „ეს მიდგომა აპრობირებულია ბევრ ქვეყენაში.

დღეს ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები თითქმის გაორმაგებულია,  არსებობს საზოგადოების ფენა,  რომელიც ფიზიკურად ვერ შეიძენს ძვირადღირებულ პრეპარატებს.  ჯენერიკი  ცუდს და უხარისხოს არ ნიშნავს, ამიტომაც რასაკვირველია, აუცილებელია მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება. „რაღაცის“ ალტერნატივა ყოველთვის მისასალმებელია“.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …