საერთაშორისო ფონდი კურაციო ფარმაცევტული კვლევის მეხუთე ტალღის შედეგებს აქვეყნებს.კვლევა მიზნად ისახავს მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის შეფასებას, ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირებას და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობას.
წარმოდგენილი კვლევის ანალიზი ეფუძნება, როგორც მიმდინარე, ასევე წინა 4 ტალღის შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2009 წლიდან დღემდე განახორციელა.
კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებები მოსახლეობისთვის საინტერესო სამ კითხვას სცემს პასუხს: 1. როგორია გენერიული და ბრენდული მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა საქართველოში და რა გავლენა აქვს ამ ფაქტორს მოსახლეობის მკურნალობის ხარჯებზე; 2. როგორ უპასუხა ქართულმა ფარმაცევტულმა სექტორმა რეცეპტების შემოღების რეფორმას.
პასუხები ამ შეკითხვებზე იხილეთ კვლევის მიგნებებში და რეკომენდაციებში.
კვლევის ძირითადი მიგნებები
მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა
- სადღეისოდ, გენერიკებთან შედარებით ორიგინალი ბრენდების ფიზიკური ხელმისაწვდომობა თითქმის ორჯერ უფრო მაღალია.
- გენერიკების ფიზიკური ხელმისაწვდომობის კლების ტენდენცია შესაძლებელია განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით:
- გენერიკების შესახებ ცოდნის ან მათი ხარისხის მიმართ მოსახლეობაში ნდობის ნაკლებობა
- მოსახლეობაში გენერიკებზე დაბალი მოთხოვნა
- ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლების მაქსიმიზაციის სტრატეგია
გენერიული და ბრენდული მედიკამენტების ფასების ტენდენციები და მიმდინარე მოვლენებთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირები
- ორიგინალ ბრენდებზე ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 2009-დან 2012 წლამდე იყო შენარჩუნებული, სავარაუდოდ წამლის შესახებ კანონში 2009 წლის ბოლოს განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა. აღნიშნული ტენდენცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2016 წელს.
- ორიგინალი ბრენდები დიდწილად იმპორტირებულია დასავლეთის ქვეყნებიდან, აქედან გამომდინარე, ბრენდულ მედიკამენტებზე 2016 წელს დაფიქსირებული ფასების ზრდა შესაძლოა ნაწილობრივ აიხსნას ეროვნული ვალუტის აშშ დოლარსა და ევროს მიმართ მნიშვნელოვანი გაუფასურებით, რაც დაიწყო 2014 წლის ბოლოს და გაგრძელდა მთელი 2015 წლის განმავლობაში. ორიგინალ ბრენდებზე ფასებმა მოიმატა ყველა სააფთიაქო ქსელსა და დამოუკიდებელ აფთიაქში.
- სავარაუდოა რომ რეცეპტურის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტების არასაკმარისმა რაოდენობამ საშუალება მისცა ფარმკომპანიებს რეცეპტები ფინანსური მოგების გაზრდის მიზნით გამოეყენებინათ. ამას ცხადყოფს ის ფაქტი რომ თუკი 2012 წელს ფასნამატის დონე რეცეპტურული და ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისათვის შესადარისი იყო, 2016 წელს ამ მხრივ მნიშნელოვანი განსხვავებები იქნა გამოვლენილი. კერძოდ: ა) რეცეპტურულ ორიგინალ ბრენდებზე ფასნამატის დონე 89%-ით მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე; ბ) რეცეპტურულ გენერიკებზე ფასნამატის დონე 210%-ით უფრო მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებზე.
- მოულოდნელად, ადგილობრივი წარმოების გენერიკები აღმოჩნდა იმპორტულ ანალოგებთან შედარებით უფრო ძვირი. მსხვილი სადისტრიბუციო ქსელების მარკეტინგული სტრატეგიების ფარგლებში ხდება იმპორტულ ანალოგებთან შედარებით ადგილობრივი პროდუქციის უპირატესი რეკლამირება. სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ ბაზარზე კი ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ მწარმოებლებს, ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი საბაზრო ძალაუფლება.
რეკომენდაციები გასატარებელი პოლიტიკის მიმართ
მედიკამენტების ფასების შემცირება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება ცალკეული ინტერვენციების გზით. საჭიროა მრავალმხრივი ინსტრუმენტების ერთობლივი გამოყენება სახელმწიფოს მიერ, რაც შეიძლება გამოიხატოს შემდეგში:
- გენერიკების ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მოსახლეობისთვის შეამცირებს მკურნალობის ხარჯებს, ანუ რეცეპტის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და რეცეპტის, როგორც მექანიზმის გამოყენება ფარმაცევტულ ბაზარზე გენერიული მედიკამენტების დასამკვიდრებლად. რაც გაძლიერებული უნდა იყოს დამხმარე ინსტრუმენტებით, როგორებიცაა: რეცეპტების ელექტრონული სისტემის დანერგვა და ადმინისტრაციული მექანიზმის გამართვა ადეკვატური მონიტორინგის განხორციელების მიზნით;
- ფარმაცევტულ ბაზარზე ეტალონური ფასწარმოქმნის სისტემის დანერგვა მსგავსად სხვა ევროპული და განვითარებული ქვეყნებისა;
- მკაცრი რეგულაციებისა და კონტროლის დაწესება მედიკამენტების მარკეტინგზე, რეკლამირებაზე, მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე;
- ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის გაუმჯობესება სახელმწიფო პოლიტიკის ან მისი განხორციელების სუსტი მხარეების ადეკვატური კორექციის მიზნით.
კვლევის სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაცია კვლევის შესახებ
კვლევა განხორციელდა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს რანდომულად შერჩეულ 6 რეგიონში (თბილისი, აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი) და მოიცვა როგორც დამოუკიდებელი, ასევე ქსელური აფთიაქები. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 52 დასახელების ორიგინალი ბრენდი და მათი შესაბამისი დაბალფასიანი გენერიკი.
ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვება საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2009 წლიდან დაიწყო. კვლევის სხვადასხვა ტალღები განხორციელდა 2010, 2011 და 2012 წლებში.