სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, მაიმუნის ჩუტყვავილის შემთხვევები უკვე გამოვლინდა ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.
ბოლო ახალი შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში. „ბიბისი“ წერს, რომ ეს შემთხვევები მოჰყვა იგივე დაავადების გამოვლენას აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასევე საეჭვო შემთხვევებს კანადაში.
ყველაზე მეტად ინფექცია აფრიკის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებშია გავრცელებული.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაიმუნის ჩუტყვავილა არის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომელიც, როგორც წესი, მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ადამიანები რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდებიან.
ვირუსი ადამიანებს შორის მარტივად არ ვრცელდება და მიჩნეულია, რომ ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია.
დიდ ბრიტანეთში დაინფიცირების პირველი ფაქტი 7 მაისს დადასტურდა. ოფიციალურმა უწყებებმა განაცხადეს, რომ პაციენტმა მცირე ხნით ადრე ნიგერია მოინახულა, სადაც, როგორც ვარაუდობენ, ინგლისში გამომგზავრებამდე დაინფიცირდა.
პარასკევს ავსტრალიამ მაიმუნის ჩუტყვავილის პირველი საეჭვო შემთხვევის შესახებ განაცხადა, რომელიც ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნდა.
მაიმუნის ჩუტყვავილის შემთხვევა დადასტურდა შვედეთშიც, ერთი იტალიაში და ერთი საეჭვო შემთხვევა საფრანგეთში.
5 დადასტურებული შემთხვევა აქვს პორტუგალიას, 7 – ესპანეთს.
მართალია, მაიმუნის ჩუტყვავილია ვაქცინა არ არის დამტკიცებული ევროპაში, თუმცა ესპანური გაზეთის El País-ის ცნობით, ესპანეთის ჯანდაცვის ორგანოებმა ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ათასობით ვაქცინა შეიძინა, რათა აფეთქების შემთხვევაში მათი საშუალებით ინფექციას ებრძოლონ. საქმე ისაა, რომ მაიმუნის ჩუტყვავილა ვირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც – კლასიკური ჩუტყვავილა.
CNN-ი წერს, რომ მაიმუნის ჩუტყვავილა ძირითადად დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში გვხვდება, თუმცა ბოლო წლებში ის ევროპაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა. ეს შემთხვევები, როგორც წესი, უკავშირდება საერთაშორისო მგზავრობებს ან ინფიცირებული ცხოველების იმპორტს.
ამასთან, დიდ ბრიტანეთში რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც არსად არ უმოგზაურიათ და არც კონტაქტი ჰქონიათ დავირუსებულ ადამიანებთან, რამაც სპეციალისტების შეშფოთება გამოიწვია. თუმცა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრებში აცხადებენ, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.
შეერთებული შტატების მთავარმა ქირურგმა ვივეკ მურტიმ განაცხადა: „დღეისათვის ჩვენ არ გვსურს, რომ ადამიანები შფოთავდნენ. ეს ციფრები ჯერ ისევ არაა დიდი: ჩვენ გვსურს, ადამიანებმა იცოდნენ სიმპტომების შესახებ და თუ მათ პრობლემები შეექმნებათ, ექიმს მიმართონ.“
CDC-ის მონაცემებით, ინფექციის საინკუბაციო პერიოდი 7-14 დღეა. საწყისი სიმპტომები გრიპს წააგავს – სურდო, ციება, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე, რომლებსაც ლიმფური კვანძების ჩაქცევები მოჰყვება, რაც ორგანიზმს დაავადებებთან და ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.
მთავარი, რაც მაიმუნის ჩუტყვავილას ჩვეულებრივი ჩუტყვავილისგან განასხვავებს, ლიმფური კვანძების გასიებაა.
მომდევნო ეტაპზე ჩნდება ხშირი გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის – პირში, ტერფებზე.
ესაა მტკივნეული, ამაღლებული წყლულები, მარგალიტის ფერის და სითხით სავსე, რომლებსაც ხშირად გარშემო წითელი წრეები აქვთ.
CDC-ის ცნობით, დაზიანებები საბოლოო ჯამში ხორცდება და გაიწოვება ორი-სამი კვირის განმავლობაში.
რაც შეეხება მკურნალობას, მაიმუნის ჩუტყვავილის სამკურნალო კონკრეტული წამალი არ არსებობს. თუმცა არის ვაქცინა, რომლის გაკეთებაც დაავადების თავიდან ასაცილებლადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება გადადების გზებს, ექსპერტების თქმით, ვირუსის გავრცელებისთვის აუცილებელია ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი.
ინფექცია შესაძლოა განვითარდეს დაზიანებულ კანთან ან ლორწოსთან, ასევე რესპირატორულ წვეთებთან, დაბინძურებულ თეთრეულთან კონტაქტის შედეგად.
როცა დაზიანებები ხორცდება, ფუფხები, რომლებშიც შესაძლოა ინფექციური ვირუსი იყოს, შეიძლება მტვრის სახით გამოიყოს და მათი შესუნთქვის შედეგად ადამიანი დაინფიცირდეს.
ადამიანებს შორის გადაცემა ძირითადად მსხვილი წვეთებით ხდება, თუმცა რადგან ისინი როგოც წესი, დიდ მანძილზე არ ვრცელდება, დაინფიცირებისთვის საჭიროა ხანგრძლივი, პირისპირ კონტაქტი.
„მაიმუნის ჩუტყვავილა შესაძლოა იყოს სერიოზული ინფექცია. ვირუსის ამ ტიპით სიკვდილიანობა 1%-ს შეადგენს. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება დაბალი შემოსავლების და სამედიცინო დახმარების შეზღუდული ხელმისაწვდომობის პირობებში,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეცნიერმა მაიკლ ჰედიმ, თუმცა, მისივე თქმით, ძალიან უცნაური იქნებოდა აფეთქების პირობებში ვირუსის იმაზე მეტად გავრცელება, ვიდრე ერთეული შემთხვევებია, ამიტომ ჩვენ ვერ ვიხილავთ ამ ვირუსის გადაცემის ისეთ დონეს, როგორიც კოვიდის შემთხვევაში გვქონდა.
ამასთან, CDC-ის ინფორმაციით, ჩვეულებრივი დეზინფექციის საშუალებები მაიმუნის ვირუსს ადვილად კლავს.