საპარტნიორო ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის სამი მსხვილი საავადმყოფოს განვითარებას გეგმავს. რამდენიმე თვის წინ ტენდერი გამოცხადდა, რომელიც ბავშვთა ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოების და ყოფილი ონკოლოგიური ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ასევე, დაგეგმილია სამივე კლინიკის პერსონალის გადამზადება, აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით და შენობების რეაბილიტაცია.
ტენდერის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, კარდიოლოგი მაიკო მღებრიშვილი:
„პროფესიით კარდიოლოგი და რადიოლოგი ვარ და შესაბამისად, მისასლმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე შემოვა მაღალი დონის აპარატურა და შესაძლებლობა მექნება, ჩავატარო მაღალტექნოლოგიური, ხარისხიანი გამოკლვევები. ასევე, ძალიან კარგია, რომ ჩვენს კლინიკას ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა. ეს ცვლილებები დაგვეხმარება, რომ მომსახურების ხარისხი გაიზარდოს.
ელემენტარულად, აუცილებელია მაღალი ხარისხის აპარატურა, რათა შესაბამისი შედეგი მიიღო. ძალიან მიხარია, რომ საავადმყოფოს გაუჩნდა პერსპექტივა და თანამედროვე აპარატურაზე მომიწევს მუშაობა. ამიტომ, ის ცვლილებები, რასაც საპარტნიორო ფონდის ტენდერი ითვალისწინებს, იყო დროული და აუცილებელი“.
ექიმმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტორებზეც, რაც აუცილებელია ისეთი საავადმყოფოს შესაქმნელად, სადაც პაციენტს მკურნალობის სურვილი ექნება:
„გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, შეიძლება, კლინიკას ჰქონდეს ძალიან მაღალი დონის აპარატურა, მაგრამ არ ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი. მაღალი ტექნოლოგიები არ ნიშნავს, რომ მომსახურებაც მაღალი დონის იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე, ღირსებაზე და იმაზე, თუ რამდენად ზრუნავს ის თვითგანვითარებაზე.
მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმის ანაზღაურების საკითხი. თუ პროფესიონალს არ აქვს შესაბამისი, ღირსეული ანაზღაურება, ყველაფერს აზრი ეკარგება და შემდგომში ეს ცუდად აისახება მის განწყობაზე. პაციენტზე ძალიან მოქმედებს საავადმყოფოს ინტერიერი, აღჭურვილობა. რაც უნდა მაღალ დონეზე მოემსახურო მას, ეს ფაქტორი მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
შესაბამისად, ტენდერის დასრულების შემდეგ, როდესაც გვეყოლება კარგი გუნდი, იქნება კარგი შენობა, შესაბამისი თანამედროვე აპარატურით, გაჩნდება შანსი, რომ პაციენტი აღარ წავიდეს სხვა ქვეყანაში და ადგილობრივად იმკურნალოს. უცხოეთში მარმარილოსაც კი აგებენ საავადმყოფოებში, რათა ამით იმუშაონ პაციენტის ფსიქიკასა და მისი ნდობის მოპოვებაზე“.