ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსი ექსპერტის განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეხმაურება.
საუბარია მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანი ექსპერტის, მიხეილ ალექსანდროვის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებაზე, რომლის თანახმად, „საქართველოსა და სომხეთში არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთს და რუს ხალხს.“
ალექსანდროვმა ასევე განაცხადა: „ამერიკელებმა ბიოლოგიური ლაბორატორიები, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შექმნეს. საქართველოსა და სომხეთში მათი არსებობა, უდავოა. აშკარაა, რომ იქ სწავლობენ სხვადასხვა პათოგენებს, რომლებიც, შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ანუ, ეს არის პირდაპირი საფრთხე რუსეთისა და რუსი ხალხის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბიოლოგიური იარაღი, რომელიც რუსების გენეტიკურად განადგურებაზეა მიმართული. ამიტომ მათ ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ, უკრაინის ოპერაციის დაწყებამდე, ძალიან მოკრძალებულად ვიქცეოდით მათ მიმართ.“
ამავე ინტერვიუში ალექსანდროვი ამბობს, რომ “თუ საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებაზე უარს იტყვის, რუსეთს ექნება უფლება ლაბორატორია სარაკეტო იერიშით გაანადგუროს”.
ექსპერტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე “ოპერაციის” ფონზე, საქართველოში ორიოდე ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდებას, დასავლეთში, პრაქტიკულად ვერავინ შეამჩნევს.
თამარ გაბუნია აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პასუხი ის გამჭვირვალობაა, რომლითაც ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამოირჩევა.
„ამას შეგვიძლია ვუპასუხოთ იმ გამჭვირვალობით, რასაც ლუგარის ლაბორატორია პირველივე დღიდან აკეთებს და მისი კარი ღიაა მისთვის, ვისაც კითხვის ნიშანი აქვს და დაინტერესებულია, რომ ნახოს, როგორ მუშაობს ლუგარის ლაბორატორია. ეს არაერთხელ გაკეთებულა მანამდეც და ახლაც, ლაბორატორია ემსახურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს. წარსულშიც, იყო რამდენიმე დელეგაცია როცა ინტერესი მაღალი იყო და მოხდა იმის გაზიარება, თუ როგორ და რა კეთდება. დელეგაციების შემადგენლობა სხვადასხვა დროს არაერთგვაროვანი იყო, მაგრამ ინფორმაცია, რას აკეთებს და როგორ მუშაობს ლუგარი – ეს გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ეს ინფორმაცია მიიღოს,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.