ცერემონიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დაესწრნენ.
თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა 25 საწოლზეა გათვლილი. სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი.
კლინიკაში პაციენტებს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, რეანიმაციული, ქირურგიული, თერაპიული, მეან-გინეკოლოგიური, ლაბორატორიული, რადიოლოგიური და ანტენატალური სერვისები მიეწოდებათ. ამავე კლინიკაში გურიაში პირველად C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აქვე იქნება შესაძლებელი კიბოს სკრინინგი და კოლპოსკოპიური კვლევა.
ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო კლინიკაში სულ 78 თანამშრომელია დასაქმებული. მედპერსონალს კი პროფესიული უნარების ასამაღლებლად შესაბამისი ტრენინგები აქვს გავლილი.